ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა

588

წინა სტატია

სტატიის გაგრძელებ

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა.

„ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის – 1 წელი და 9 თვე“, – წერს ასათიანი „ფეისბუქში“.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. 

დეფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

15 ნოემბერს, ე.წ. ლენინგორის სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ყველა რესურსი ამოქმედებულია” და ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებენ, თუმცა, გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მთავრობის ნაბიჯები არის არასაკმარისი და საოკუპაციო რეჟიმის მიმართ უფრო აგრესიულ პოლიტიკას უნდა მიმართონ.

ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართა არაერთი აქცია. ქართველი ექიმის გათავისუფლებას მოითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის სახელმწიფოები.

საქართველოს ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობიდან ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდზეც, რომელიც 10-11 დეკემბერს გაიმართა. ექიმის გათავისუფლების საკითხი ნოემბრის ბოლოს განიხილებოდა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზეც.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს უთხრა, რომ “იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე”.