ქუთაისის მერიამ დროშის აღსამართად ტენდერი მეექვსედ გამოაცხადა

797

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ქუთაისის მერია წელიწადი და ცხრა თვეა  ნიკეას შემოსასვლელთან დროშის აღმართვას ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. დროში დგარის მოსაწყობად  მუნიციპალიტეტმა ტენდერი მეექვსედ  გამოაცხადა. საპროექტო სამუშაოების ღირებულება კი 49 959 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ქუთაისიპოსტი ავრცელებს.

მერიას თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა საკითხი, როცა მეხუთე ტენდერი საკრებულოს დეპუტატის, ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიამ “გიან -2011”-მა მოიგო, თუმცა, ტენდერის დასრულებიდან მალევე,  11 დეკემბერს, კომპანიამ ხელშეკრულების  დადებაზე უარი განაცხადა და ტენდერი კვლავ ჩაიშალა. მერია დროშის აღმართვას ახლა მეექვსე მცდელობით  შეეცდება.

ქუთაისის მერიამ პირველი ტენდერი 2018 წლის პირველ მარტს გამოაცხადა და თავადვე შეწყვიტა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ  ნიადაგი, სადაც დგარი უნდა მოეწყოთ, შესწავლილი არ იყო. ამის მიუხედავად, კიდევ ორი ტენდერი ისე გამოცხადდა, რომ ნიადაგის კვლევა კვლავ არ იყო ჩატარებული. მერიაში მიწაზე გეოლოგიური კვლევის ჩატარების საჭიროება  მხოლოდ  სამი ტენდერის ჩაშლის შემდეგ დაინახეს.