ბოკერია “ოცნების” შეთავაზებაზე: ეს წინადადება თამაშის წესებს არ ცვლის

675

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ “ქართული ოცნების” შეთავაზება, პარლამენტში მაჟორიტართა რიცხვი 50-მდე შემცირდეს, არასერიოზულია. თუმცა მისივე თქმით, ეს შეთავაზება აჩვენებს, რომ მმართველ გუნდში ხვდებიან, როგორ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუ რეალური ნაბიჯს არ გადადგამენ.

“ეს წინადადება, რაც მოიტანეს, სერიოზულად განხილვადიც არ არის. იმიტომ, რომ თამაშის წესს არ ცვლის არსებითად. 12-ით მეტი ადგილი მეტია სად იქნება ეს არ ცვლის. თამაშის წესი უნდა შეცვლილიყო. აქ საკვანძო საკითხი არის პროპორციულობა. გაირკვა, რომ თურმე საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი ჰქონიათ. საკონსტიტუციო ცვლილებების რესურსი თუ აქვთ, კლასიკური გერმანული მოდელი მივიღოთ. ხო თქვეს, რომ გერმანული მოდელი მოგვწონ, ოღონდ კონსტიტუციის პრობლემა არისო. იქ მაჟორიტარებიც შენარჩუნებულია. აქ არაფერი დამაჯერებელი არ არის და ამათ მიმართ სანდოობა არის ნული”, — განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპონენტებს ახალი სამოქმედო გეგმა შესთავაზეს. საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი აირჩიონ, ნაცვლად 77-სა. ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება.

“პოლიტიკურ სპექტრს ჩვენ ვთავაზობთ ინიციატივას, შევინარჩუნოთ მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა 2/3-მდე გავზარდოთ პროპორციული წილი ამ სისტემაში”, — განაცხადა მან.

დღეს ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის საარჩევნო სისტემაზე შეხვედრის მეოთხე რაუნდი გაიმართა.

„ოცნების“ ინიციატივაა, შენარჩუნდეს შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50 მანდატამდე შემცირდეს.

ამასთან, “ქართულ ოცნებას” სურს, რომ არა მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, არამედ მომდევნო არჩევნები იმ შერეული მოდელით ჩატარდეს, რაც დღეს მათ ოპოზიციას შესთავაზეს, რის მიხედვითაც პარლამენტში 100 მანდატი პროპორციული წესით განაწილდება, 50 კი – მაჟორიტარულით. აღნიშნული შეთავაზება ოპოზიციისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.

მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, რომელიც 15 დეკემბერს გაიმართა უშედეგოდ დასრულდა.  შეხვედრის მთავარი თემა მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები იყო, რომლის განხილვაც მხარეებს წინა რაუნდზე დიპლომატიურმა კორპუსმა შესთავაზა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო.

17 დეკემბერს ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.