თალაკვაძე: მოვამზადეთ წინადადება, რომელიც ყველასთვის მისაღები უნდა იყოს

572

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადებები მოამზადა,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის დაბალანსებული წინადადება, რომელიც მისაღები უნდა იყოს პროცესში ჩართული ყველა მხარისთვის.

„მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივებზე შეთანხმების ვერ მიღწევის შემდეგ ჩვენ მოვამზადეთ დაბალანსებული წინადადება, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის. ეს მოდელი უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული. ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, რომელი პოლიტიკური პარტიაა ორიენტირებული შეთანხმებაზე, ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და ვის აქვს რაღაც სხვა ინტერესები“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

17 დეკემბერს კი ამერიკელმა კონგრესმენებმა პარლამენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს, რაზეც პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს.