თბილისის მერიასთან აქცია “სიკვდილით სავსე ქალაქი“ გაიმართა – აქტივისტები ითხოვენ, მერიამ საახალწლო ღონისძიებები გააუქმოს

586

სტატიის გაგრძელება

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია სახელწოდებით „სიკვდილით სავსე ქალაქი“ გამართეს. აქტივისტების მთავარი მოთხოვნა თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებების გაუქმებაა.

მოძრაობის წევრებმა დედაქალაქის მერიის წინ სიმბოლურად „ამ სისტემის დედაც“ დაწერეს.

როგორც „შეცვალეს” წევრები ამბობენ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ ნამდვილად არ ეზეიმებათ.

ჩვენ აქ მოსვლით კახა კალაძეს გვინდა დავანახოთ, რომ ეს არ არის სიცოცხლით სავსე ქალაქი, ეს არის სიკვდილით სავსე ქალაქი. ეს ყველაფერი იმ სისტემის თარეშმა გამოიწვია, რომელიც რეალურად არის ჩამოყალიბებული. იმ მძიმე ვითარებაში, რომელშიც ახლა ჩვენი ქვეყანა იმყოფება საზეიმოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დაგეგმილია გაუქმდეს. ქვეყანაში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, საზეიმოდ, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ნამდვილად არ გვაქვს საქმე”, – განაცხადა მოძრაობა “შეცვალეს”აქტივისტმა გიორგი კუპატაძემ.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები იმართება თბილისში და სხვადასხვა ქალაქებში. თბილისში, იაშვილის კლინიკასთ მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — “ამ ცხოვრების დედაც!” დატოვეს. სწორედ ეს წარწერა დატოვა 15 წლის მოზარდმა სკოლის კედელზე.

“ლუკა, ბოდიში”, “რატო მკლავ”, “შემდეგი შეიძლება შენ იყო”, — ეს წარწერები აქტივისტებმა თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ დატოვეს.

მოზარდის გარდაცვალების საქმეზე 17 დეკემბერს გამომძიებელი დააკავეს, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.