2019 წლის 9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ ჯამში მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 5 მილიონ ლარამდე დახარჯა

483

2019 წლის 9 თვეში თბილისის 10-მა გამგეობამ ჯამში მოსახლეობის ქირით უზრუნველყოფისთვის 4 794 798 ლარი დახარჯა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამგეობებმა 2019 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ქირით ჯამში 1782 ოჯახი უზრუნველყო, აქედან აღნიშნულ პერიოდში საკუთარ საცხოვრისს 57 ოჯახი დაუბრუნდა ან კომპენსაციით დაკმაყოფილდა.

„ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის თანახმად, სამგორის რაიონის გამგეობამ ქირით 219 ოჯახი უზრუნველყო და ჯამში 10 თვეში 646 470 ლარი დახარჯა. 18 ბენეფიციარს ქირა შეუწყდა და მათი საცხოვრისით უზრუნველყოფისთვის ვალდებულება სამშენებლო კომპანიამ აიღო.

ისნის რაიონის გამგეობას ამავე პერიოდში 261 ოჯახის ქირით უზრუნველყოფისთვის 808 419 ლარი აქვს დახარჯული. 2 ოჯახი საკუთარ საცხოვრისს დაუბრუნდა.

კრწანისში 10 თვის განმავლობაში ქირით 170 ოჯახი იყო უზრუნველყოფილი, რისთვისაც 570 720 ლარი დაიხარჯა. 23 ოჯახი საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილდა.

ამასთან, გამგეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ორ ოჯახს შეუწყდა კომპენსაცია იმ საფუძვლით, რომ მათ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამაგრებით-სარეაბილიტაციო სამუშაოებს უტარებს და ისინი ქირით ფონდმა უზრუნველყო. ამასთან, გამგეობის ცნობით, ამჟამად მიმდინარეობს საიათნოვას #13-ში საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამუშაოები, რომელიც მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება. ამ სახლიდან ქირით გაყვანილი ერთი ოჯახი საცხოვრებელ სახლს დაუბრუნდება.

მთაწმინდაზე ქირით გამგეობამ 124 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც 411 750 ლარი დახარჯა.

რაც შეეხება ნაძალადევის რაიონს, გამგეობამ ჯამში, 10 თვეში ქირით 396 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც 975 880 ლარი დახარჯა. გამგეობის წლიური დაზუსტებული ბიუჯეტი ამ მიმართულებით 1 მილიონ 172 000 ლარია.

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ქირით ამავე პერიოდში 100 ოჯახი უზრუნველყო, რისთვისაც ჯამში 266 800 ლარი დახარჯა.

ამასთან, „ინტერპრესნიუსისთვის“ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ 2019 წლის 16 იანვარს, დიდ დიღომში, ავთანდილის #8-ში მდებარე კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული 59 ოჯახის ქირით უზრუნველყოფისთვის სარეზერვო ფონდიდან 243 780 ლარი გამოიყო. გამგეობის ინფორმაციით, შენობა, სადაც აფეთქება მოხდა უკვე რეაბილიტირებულია და აღნიშნული ოჯახების უმრავლესობა საცხოვრებელ ბინებს დაუბრუნდა. წლის ბოლომდე კი, დარჩენილი ოჯახების დაბრუნება იგეგმება.

რაც შეეხება ვაკის რაიონის გამგაობას, 161 ოჯახს გადაუხადა ქირა რისთვისაც ბიუჯეტიდან 428 875 ლარი გამოყო. ხოლო გამგეობის წლიური დაზუსტებული ბიუჯეტი აღნიშნული მიმართულებით 535 000 ლარია.

157 ოჯახი უზრუნველყო ქირით ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ, რისთვისაც 417 866 ლარი დახარჯა. 4 ოჯახი საკუთარ საცხოვრისს დაუბრუნდა.

ამავე პერიოდში დიდუბის რაიონის გამგეობამ 99 ოჯახი უზრუნველყო ქირით, რაც ბიუჯეტს 10 350,88 ლარი დაუჯდა. 10 ოჯახი საკუთარ საცხოვრისს დაუბრუნდა, ხოლო 1-მა ბინა მუნიციპალურ თავშესაფარში მიიღო.

რაც შეეხება გლდანის რაიონს, ქირით 95 ოჯახია უზრუნველყოფილი, რისთვისაც 2019 წლის 10 თვეში 257 748 ლარია დახარჯული.