საბურთალოს რაიონის გამგებელმა საქმიანობის 2-წლიანი ანგარიში წარადგინა

725

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ მოსახლეობას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

დედაქალაქის მერმა საბურთალოს გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 1,3 მილიარდია გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალაქს მოხმარდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ყველა რაიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მომავალ წელს საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებითა და სხვა გამართული ინფრასტრუქტურით აღნიშნული გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტერიტორია იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები პრიორიტეტული იქნება.

„მიუხედავად, იმისა, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამ ოჯახებს ისე ვერ დავტოვებთ და მათ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება. რა თქმა უნდა, საბურთალოს რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ზურგს გამგეობა და გამგებელი უმაგრებს. იმ პროექტებს, რასაც გამგეობა ვერ განახორციელებს, იცოდნენ, რომ ჰყავთ მუნიციპალიტეტი, მერიის თანამშრომლები და ხელს შევუწყობთ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა შევამციროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება. მინდა, წარმატებები გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საბურთალოს გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონში საგზაო სამუშაოები 206 005 კვ.მ ფართობზე განხორციელდა – მოწესრიგდა 27 ქუჩა და 77 ეზო; 54 სკვერთან ერთად, მოეწყო და რეაბილიტირდა 11 საბავშვო მოედანი; განხორციელდა 98 ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც დასასვენებელი სივრცეები მოეწყო.

ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ოთხი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო 31 მისამართზე არსებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა, რომელთა შორისაა ინოვაციური, თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან და დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-ის მიმდებარედ.

ორი წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ ძველ ვეძისში, 15 კილომეტრზე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, სატუმბი სადგური და რეზერვუარი აშენდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი; საგზაო სამუშაოები განხორციელდა დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 300 პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის მოწესრიგება, ლიფტების შეკეთება, სახურავების რეაბილიტაცია, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები და სხვა. ასევე, ჩატარდა კულტურული და სპორტული 28 ღონისძიება; 24 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.

„ორი წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მომავალ წელს მუშაობის იმავე ტემპით განვაგრძობთ, რათა გამოწვევები დავძლიოთ“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 39 808 304 ლარი დაიხარჯა.

პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.