ხატია დეკანოიძე და ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან

560

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და „ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს ხვდებიან. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო და საკრებულოს გადაწყვეტილებით არ ესწრებიან ჟურნალისტები. როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ, რომ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს შეუწყდეს უფლებამოსილება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებამდე კი საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრებსა და პარლამენტის ოპოზიციის წევრებს შორის სიტუაცია კვლავ დაიძაბა. მაშინ როცა ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე საკრებულოში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდნენ, მათთან მივიდა საკრებულოს „ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი. ამას კი ადგილზე ხმაური მოჰყვა. დავითულიანმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ვიდრე საკრებულოს შენობას არ დატოვებენ, მანამდე კუხიანიძის თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ. დავითულიანმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას საკრებულოს უმრავლესობის წევრები ემიჯნებიან.

ამასთან, ელენე ხოშტარიამ ბექა დავითულიანს მოძალადე უწოდა და უთხრა რომ „ერეკლე კუხიანიძის მონაა”.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” დღეს იმსჯელებდა, თუმცა, მმართველ პარტიას საკრებულოში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. თავად კუხიანიძემ გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.