შსს-მ თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების დროს 4 პირი დააკავა

1176

წინა სტატია

თბილისის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 პირი დააკავა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულების მიმართ საქმის წარმოება 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

თბილისის საკრებულოში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის მისაღებში სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კარავი გაშალეს. ისინი კუხიანიძისგან ბოდიშის მოხდას და თანამდებობის დატოვებას ითხოვენ. ამ დროისთვის კუხიანიძის კაბინეტის მისაღები თავისუფალია. აქტივისტები და ოპოზიციონერი დეპუტატები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, ერეკლე კუხიანიძემ Facebook-ზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა. კუხიანიძე გაფრინდაშვილის ოჯახს აგინებდა და მათ იდიოტებად და პროვოკატორებად მოიხსენიებდა.

კუხიანიძის განცხადებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეები ითხოვენ, რომ მან საკრებულოს წევრის მანდატი დატოვოს. გუშინ საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ მის საკითხზე “ოცნება” დღეს იმსჯელებდა, თუმცა, მმართველ პარტიას საკრებულოში ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია. თავად კუხიანიძემ გუშინ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში საკუთარი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა, შესაძლო პროვოკაციას კვლავ არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ერთ თვეზე მეტია, საოკუპაციო რეჟიმს დატყვევებული ჰყავს.