ბათუმში განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა დაიწყო

866

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბათუმში, განათლებისა და მეცნიერების ქალაქის პროექტის ფარგლებში, კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობის ადგილზე სიმბოლური კაფსულა ჩადეს.

როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განმარტავენ, 250 მოსწავლეზე გათვლილ კომაროვის სკოლის ბათუმის ფილიალის თანამედროვე ტიპის შენობაში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები, ასევე, სპორტული მოედანი. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით. პროექტის ფარგლებში აშენდება 100 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის კომაროვის სკოლის ფილიალისა და საცხოვრებელი კამპუსის პროექტის მშენებლობის ღირებულება 11 399 994 ლარია.

“დღეს საქართველოს განათლების მინისტრთან, ბატონ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ბათუმში საფუძველი ჩავუყარეთ განათლების და მეცნიერების ქალაქის მშენებლობას. რომელიც მართლაც იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თანამედროვე საგანმანათლებლო კერა. კომაროვის სკოლა აშენდება, ასევე თანამედროვე ლაბორატორიები, საბუნებისმეტყველო და სამეცნიერო სივრცეები, სპორტული დარბაზები. ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა მომავალი თაობის ხარისხიანი განათლების მიღებისთვის. ეს არ იქნება ერთადერთი სკოლა, რომელიც ამ ქალაქში აშენდება. იცით, რომ დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლის კოლეჯის და ხელოვნების სკოლის მშენებლობა. ასე, რომ ერთ სივრცეში ჩვენ ძალიან ბევრ საგანმანათლებლო კულტურულ სივრცეს მოვუყრით თავს “- განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.