“ოცნება” და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ, მორიგი შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება

1427

მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე ხელისუფლება და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ოპოზიციას ის არგუმენტები გააცნეს, რომელთა გამოც ამ ინიციატივის განხორციელება პრობლემატურად მიაჩნიათ.

„მრავალმანდატიან ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი. მრავალმანდატიანი ოლქები ითვალისწინებს გეოგრაფიის და მუნიციპალიტეტების იმდენად გაერთიანებას საარჩევნო ადმინისტრაციის ფარგლებში, რომ პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება მაჟორიტარმა წარმოადგინოს ის საზოგადოება, რომელმაც აირჩია.

მეორე პრობლემა ის არის, რომ მცირე და დიდ რაიონებს შორის არის არათანაბარი მიდგომა ამ მოდელით. ასევე მესამე პრობლემა არის ის, რომ თვითონ არჩევნებში მონაწილე პარტიებს კანდიდატებთან დაკავშირებით უწევთ შიდა კონკურენცია, რაც იწვევს პარტიული რესურსის დეფრაგმენტაციას. ამ და სხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ დიალოგი გრძელდება.

არსებული მოდელის ფარგლებში არის რესურსი, რომ ჩვენ კანონმდებლობაში გავაკეთოთ ცვლილებები, რომელიც 2020-ის არჩევნებს შერეული მოდელით დემოკრატიულად და კონკურენტულად ჩატარებას უზრუნველყოფს. თუ რაზე მოხდება შეთანხმება, ამას შემდგომი კონსულტაციები გვიჩვენებს. ამ დღეების განმავლობაში იქნება მოსამზადებელი სამუშაოები რომ განვსაზღვროთ შეხვედრის შემდგომი თემები”,- განაცხადა თალაკვაძემ

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 20 დეკემბერს გაიმართება.

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავდნენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში დაარეგისტრირა.

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მაჟორიტარების სახელით, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკანონმდებლო ინიციატივა წარდგინა.