ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა

900

მიმდინარე წლის 3 დეკემბრიდან ბათუმის ტერიტორიაზე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის განახლებული კოდექსი ამოქმედდა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კოდექსით საჯარიმო სანქციებიც გათვალისწინებულია.

„უნებართვო მშენებლობა იწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით. სამშენებლო/სანებართვო პირობების დამრღვევი I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას 800 ლარის ოდენობით, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას კი, 4 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ობიექტზე საინფორმაციო დაფის განუთავსებლობა ან საინფორმაციო დაფაზე არასრული ინფორმაციის განთავსება იწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით – I ან II კლასის შენობა-ნაგებობის და 2 000 ლარის ოდენობით – III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 5 000 ლარს შეადგენს.

საფრთხის შემქმნელი ავარიული შენობა-ნაგებობის სავალდებულო რეკონსტრუქციის, ან დემონტაჟის განუხორციელებლობის შემთხვევაში, მესაკუთრე 5 000 ლარით დაჯარიმდება. (ამ მუხლით განსაზღვრული საკითხები „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.) მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამრღვევი 30 000 ლარით დაჯარიმდება. ყოველ განმეორებით დარღვევაზე ჯარიმის ოდენობა ორმაგდება“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.