გურჯაანში პროექტი “ციფრული მუზეუმი” ხორციელდება

1125

კახეთში, გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებამ ახალი პროექტი – “ციფრული მუზეუმი” – წამოიწყო. ამის შესახებ Bm.ge-თან გურჯაანის მუზეუმების კურატორმა, ეკა ბეროშვილმა, ისაუბრა.

ბეროშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება 4 დეკემბერს დაიწყო და ის 2 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ექსპონატების გაციფრულებას გულისხმობს. მუზეუმების კურატორის თქმით, ამ ეტაპზე გურჯაანში მოქმედ ხუთივე მუზეუმში ერთად 55 ექსპონატი გააციფრულეს, თუმცა, მისივე განმარტებით, ეს საბოლოო რიცხვი არ არის.

პროექტის მეორე ნაწილი მუზეუმების ახალგაზრდებისთვის გაცნობას წარმოადგენს. “თუ შენ არ მიდიხარ მუზეუმში, მუზეუმი მოვა შენთან” – ასე ჰქვია პროექტის ამ ნაწილს, რომელიც სამუზეუმო გაერთიანების წარმომადგენლების მიერ სკოლებში მუზეუმების შესახებ პრეზენტაციების ჩატარებას მოიცავს.

“პრეზენტაციების დროს აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების უმეტესობა არასდროს ყოფილა ამ მუზეუმებში და არანაირი ინფორმაცია არ აქვს მათ შესახებ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, პრეზენტაცია იმდენად საინტერესო იყოს, რომ მოსწავლეებში ინტერესი გაჩნდეს. თუ მათ ვიზიტის სურვილს ვერ გავუჩენთ, პრეზენტაციების ინფორმაციული ხასიათის შედეგად, მოსწავლეებში მუზეუმების ცნობადობა მაინც იზრდება”, – აცხადებს ბეროშვილი.

მუზეუმების კურატორის განცხადებით, ექსპონატების გატანა და პრეზენტაციების ჩატარება სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზეც იგეგმება.

პროექტის განხორციელება, ბეროშვილის განმარტებით, არც ისე დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მისი თქმით, ექსპონატების გაციფრულებას 1500 ლარი დასჭირდა.

5 მოქმედი მუზეუმიდან 4 ფასიანია, თუმცა შესვლისა და გიდის მომსახურების საფასური მინიმალურია.