ზუგდიდის სოფლებში მერის წარმომადგენელთა ნაწილს ოფისი არ აქვს

794

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, აუცილებელია ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ოფისების თვალსაზრისით არსებული პრობლემები ეტაპობრივად მოგვარდეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საკრებულოს თავმჯდომარემ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, თენგიზ შანავას ანგარიშის მოსმენაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული ხედვა შემუშავდეს.

თენგიზ შანავას ინფორმაციით, 14 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს ოფისი საერთოდ არ აქვს. იმ სოფლებშიც კი, სადაც არის, ძირითადად სარემონტოა.

როგორც შანავამ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის 53 ადმინისტრაციული ერთეულიდან 19 -ში, ოფისი სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ შენობებშია განთავსებული, დანარჩენები კი ყოფილი კოოპერატივების კუთვნილ დაწესებულებებში.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ეტაპობრივად უნდა დაიწყონ ოფისების რეკონსტრუქციის პროცესი და თანხებიც გამოყონ საამისოდ.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში ჯამში 53 ადმინისტრაციული ერთეულია. აქედან 48 სოფელში, 5 კი ქალაქში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის ა(ა)იპ-ებისგან, შპს-ებისგან და სამსახურებისგან ეტაპობრივად ისმენს ანგარიშებს წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ.