აიძულებენ თუ არა გურჯაანში საჯარო მოხელეებს 14 დეკემბერს “ოცნების” მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას

922

14 დეკემბერს თბილისში ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა კონტრაქციას გეგმავს.
ნაციონალური მოძრაობის“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თემურ ბუწაშვილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება საჯარო მოხელეებს წინასწარ დაორგნიზებულ საპროტესტო აქციაზე წასვლას აიძულებს. ამის შესახებ სპექტრი წერს.

ბუწაშვილის თქმით, ის, ვინც თბილისში წასვლაზე უარს იტყვის, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ხელისუფლება თითო ნაბიჯს დგამს სამოქალაქო დაპირისპირების შესაქმნელად.

„წარმოუდგენელი ზეწოლა ხორციელდება საჯარო მოხელეებზე. აქციაზე არ წასვლის შემთხვევაში, რომელიც „სახელმწიფო მნიშვნელობისაა“ სამსახურთან მოუწევთ დამშვიდობება. ყველა საბიუჯეტო ორგანიზაცია და ააიპები მკაცრად გააფრთხილეს, რომ სახლში არავინ დარჩეს. იძულებით მიჰყავთ: ადგილობრივი საჯარო მოსამსახურეები, პედაგოგები, საბავშვო ბაღებში დასაქმებული ადამიანები. რაც შეეხება ტრანსპორტირებას და კვებას, ჩინოვნიკები აგვარებენ. ამაში ჩართული ჰყავთ ადგილობრივი ფეოდალები და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები. ეს არის ხელისუფლების მცდელობა, მოახდინოს პოლარიზება და სამოქალაქო დაპირისპირება. რეალურად ხელისუფლებას ნერვებმა უმტყუნა და საპროტესტო აქციებს, საპირწონედ უყენებს ადამიანებს, რომელთა რეალური განწყობა აბსოლუტურად აცდენილია ხელისუფლების მზაკვრულ გეგმას. ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, ქუჩაში დგას და აპროტესტებს იმ ტყუილს, რომელმაც ქვეყანა დემოკრატიული რელსებიდან გადაიყვანა. ნაცვლად კონსტრუქციული დიალოგისა, არბევს და დილეგებში ჰყრის მანიფესტანტებს. რეალურად ავტოკრატიული მმართველობის მერვე წელს, ხელისუფლება ძალადობს ხალხის ნებაზე, გვართმევს არჩევანის თავისუფლებას და ამას არ და ვერ მიიღებს ქართველი ხალხი“, – ამბობს ბუწაშვილი.

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი ოპოზიციის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მსგავს ღონისძიებაზე დასწრება ყველა ქართველისთვის საამაყოა, ამიტომ ძალდატანება არავისთვის არის საჭირო.

„საქართველო გახდა ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და ეს ყველა ქართველისთვის საამაყოა. 14 დეკემბერს იმართება ღონისძიება და ეს ღონისძიება იქნება მასშტაბური. იქ დასწრება პატივია ყველა ქართველისთვის, ვინც საქართველოს ევროპულ გზას უჭერს მხარს. რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, მსგავს აბსურდულ ნათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.“