ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

846

ახალციხეში, მესხეთის ქუჩაზე დაახლოებით სამი თვეა ასფალტი ამოთხრილია, დაზიანებული ცხაურების გამო კი მძღოლებს გადაადგილება უჭირთ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭერ წერს.

„შეცვალონ ან გამაფრთხილებელი ნიშანი დადგან. ჩანგრეულ რკინებს გვერდს ვერ აუვლი. რამდენიმე მანქანას საბურავიც გაუსკდა“, – ამბობს მესხეთის ქუჩაზე მცხოვრები არტურ სარუხანიანი.

ადგილობრივების თქმით, დაზიანებულ ცხაურებთან ერთად, პრობლემაა გადათხრილი ქუჩაც:

„წყლის მილები იყო დაზიანებული ამოთხარეს, მილები გააკეთეს, მაგრამ ასფალტს არ აგებენ…ასფალტის დასაგებად ხრეში მოიტანეს და თვეზე მეტია ჩემს სახლთან ყრია. მანქანები რომ დადიან ქვები ფანჯრებს ხვდება“, – გვეუბნება გაიანე პეტროსიანი.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალის მენეჯერის ბესო ფილაურის განმარტებით კომპანიასთან, რომელმაც ასფალტი უნდა დააგოს, ხელშეკრულება 10 დეკემბერს გაფორმდა: „უახლოეს დღეებში აღადგენენ დაზიანებულ ასფალტს“.

რაც შეეხება ცხაურებს, ახალციხის მერიაში გვითხრეს, რომ მესხეთის ქუჩაზე რკინის კონსტრუქციებს შპს „არალის“ მძიმეწონიანი მანქანები აზიანებენ.

„ბაგინაშვილის ქუჩაზე კომპანია არალი ასფალტს აგებს, მესხეთის ქუჩაზე ყოველდღიურად უწევს მძიმეწონიან მანქანებს სიარული, ამიტომ ცხაურები ხშირად ზიანდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ კომპანია უზრუნველყოფს ცხაურების შეცვლას”, – აცხადებენ მერიაში.