1 იანვრიდან მთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ

7223

პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მაღალმთიანი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად ხელისუფლება სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის არის ის, რომ პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.

‘პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები უკვე 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან 300 ლარს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ იმ სოციალურად მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც დღეს ჩვენ მთის შვილებს ვუწევთ, როგორიც არის მაგალითად ელექტროენერგიის გადასახადზე დახმარება, მაღალმთაში მასწავლებლებისთვის სპეციალური დანამატის გაკეთება, ისევე, როგორც მედიკოსებისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაღალმთაში დაბადებული ახალშობილებისთვის ფინანსური მხარდაჭერა ერთი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, “დანერგე მომავალი-ს” ფარგლებში მაღალმთიან დასახლებებში 80 ჰექტარი ახალი ბაღი გაშენდა, ხოლო სოფლის მეურნეობისა და სამეწარმეო საქმიანობის მხარდასაჭერად მესტიის, ყაზბეგის, აბროლაურისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 4 გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო აშენდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტორს ცნობით,  მთის კანონის ამოქმედებიდან დღემდე (2016-2019) მთის ფონდიდან 86 მილიონი ლარი გამოიყო, თანხის დიდი ნაწილი კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდა.

ცნობისთვის, მთის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს, იქ მუდმივად მცხოვრები კი 246 012 ადამიანია. ამასთან, მთის პოპულარიზაციის მიზნით დღეს, 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება.