დაშბაშის კანიონზე უნიკალური მინის ხიდის მოწყობა იგეგმება

4224

უნიკალურმა მინის ხიდმა, რომელიც საქართველოში აშენდება მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო. ქართულ ხიდზე ამჯერად ვებგვერდი vesty.co.il წერს და პროექტის ამსახველ ფოტომასალასაც აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ 240 მეტრის სიგრძის შუშის ხიდი, სხვა ტურისტულ ინფრასტრუქტურასთან ერთად, წალკაში, დაშბაშის კანიონზე მოეწყობა. პროექტს კი ისრაელის კომპანა KASS LAND (იგივე Kass Group) განახორციელებს.

პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 45 მილიონი დოლარია, ხოლო უშუალოდ ხიდის მშენებლობაზე 15 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ალგეთის ეროვნული პარკის ბუნების ძეგლზე – დაშბაშის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს და უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება.

შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ, წალკას მინიმუმ ორი მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.