ივანიშვილი გიგანტურ ხეებზე: მე ისინი გადავარჩინე

1163

გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, იგი ბათუმის ბოტანიკური ბაღის თანამშრომელ ზურაბ ბაგრატიონთან ერთად დადიოდა და ხეებს სწორედ ამ კუთხით არჩევდა.

„ზოგიერთებმა შეიძლება ეს ჩამითვალოს პირად ახირებად, რადგან ხარჯები არ არის შედეგთან თანაფარდობაში, თუმცა ჩემი მიზანი მარტივია – ყველა ეს პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ. ჩემთვის პირადად, ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო. სადაც არ ვცხოვრობდი, ყოველთვის ვცდილობდი ქალაქიდან თავი დამეღწია და ბუნებასთან ახლოს ვყოფილიყავი, რასაც მეტ-ნაკლებად ვახერხებდი. ამის შესაძლებლობა ყველა ჩვენთაგანს უნდა ჰქონდეს და ყოველი ამ პარკის შექმნითა და თანადგომით მე ზუსტად ამ შესაძლებლობების შექმნას ვცდილობ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მას ასი ათასობით ხე აქვს დარგული: „შეიძლება ამას ჩემი ჰობი დაარქვათ ან მოთხოვნილება, მაგრამ ყველაფერში ნეგატივის დანახვა და ხალხისთვის სიცრუის ტირაჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.