ოპოზიციამ 12 დეკემბრისთვის პარლამენტის პიკეტირება დაგეგმა

788

ოპოზიცია პარლამენტის პიკეტირებას ისევ გეგმავს. აქციების შესახებ გეგმები ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე დასახეს.

ოფისიდან გამოსვლის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პიკეტირება პარლამენტში მოსამართლეების საკითხის განხილვას დაემთხვევა.

კომენტარები სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმაც გააკეთეს.

„აქტიურობა გაგრძელდება, რადგან ხელისუფლების მიმართ ერთი მისხალი ნდობა არ არის“, – აღნიშნა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, ხალხის ხმა პარლამენტს უნდა ესმოდეს, ამიტომ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება მნიშვნელოვანია.

„ხუთშაბათიც, პარასკევიც და შემდგომი კვირებიც იქნება პიკეტის, პროტესტების, ცენტრალური აქციების, რეგიონული მსვლელობების, შეუწყვეტელი სახალხო წინააღმდეგობის ჟამი“, – განაცხადა „ლეიბორისტების“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

მმართველი გუნდი და ოპოზიცია 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავენ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტში განსახილველად დაარეგისტრირა.