თალაკვაძე: ოპოზიციასთან საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება შევინარჩუნოთ

523

მარტივად ვაპირებთ ჩვენი გუნდის იმ წევრების დარწმუნებას, რომლებიც მხარს არ უჭერენ სრულად პროპორციულ სისტემას. მათ იციან, რომ იმ ინიციატივას, რომელიც აქვთ, მხარდაჭერა არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, გუნდში უახლოეს პერიოდში იქნება საერთო პოზიცია მიღწეული საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ამასთან, თალაკვაძე იმედოვნებს, რომ საარჩევნო მოდელზე აზრთა სხვადასხვაობის გამო მმართველ გუნდს წევრები არ დატოვებენ.

“საპარლამენტო უმრავლესობის გუნდში ჯერ კიდევ არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩემი ამოცანა და სურვილია, რომ რაც შეიძლება დროულად ამოიწუროს ეს დისკუსია გუნდში და გუნდი საერთო პოზიციაზე შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობისთვის რთულია, როდესაც საკითხთან დაკავშირებით აზრები არის გაყოფილი და ეს აისახება საპარლამენტო პროცესზე. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ უმრავლესობის სხდომებს, რამდენიც საჭირო იქნება.

ამ დისკუსიას აუცილებლად ამოვწურავთ და შევთანხმდებით ერთ საკითხზე. გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით 2024 წელს არის უკვე ასახული კონსტიტუციაში. ახლა ჩვენი გუნდის ნაწილს ჰქონდა ინიციატივა ბრიტანულ-ამერიკულ მოდელთან დაკავშირებით, მაგრამ ეს მოდელი ვერ იქნება მიღებული ჩვენი მხარდაჭერის გარეშე, ჩვენ კი მივიღეთ გადაწყვეტილება და საზოგადოებამ იცის, რას უჭერს მხარს გუნდის უმრავლესობა. შემდეგ შეხვედრაზე საუბარი იქნება, როგორ მოვემზადოთ 2020-ის არჩევნებისთვის ისე, რომ 2024 წლის ნიშნული და ჩვენი გადაწყვეტილება პროპორციული არჩევნების შესახებ შევინარჩუნოთ. საჭიროა შეხვედრა და შეთანხმება.

მესმის ჩვენი კოლეგების, რომ ისინი ცდილობენ ბრიტანულ-ამერიკულ მოდელს გაუწიონ ადვოკატირება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ისინი ჩვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღებენ. ამ მოდელზე გადასვლა მეჩვენება წარმოუდგენლად ამ მოწვევის პარლამენტის მიერ”, – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ მას იმედი აქვს, საერთო პოზიციის ჩამოყალიბებას შეძლებენ.

ამასთან, თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის იმ წევრების დარწმუნებას, რომლებიც მხარს არ უჭერენ სრულად პროპორციულ სისტემას, გუნდი მარტივად შეიძლებს.

“ჩვენ ვაპირებთ ისინი მარტივად დავარწმუნოთ. მათ იციან, რომ ეს ცვლილება ცვლილება ვერ მოხდება ჩვენი მხარდაჭერის გარეშე და ამას სჭირდება საკმაოდ მაღალი კვორუმი და ხმები. შესაბამისად, მთელი უმრავლესობა თუ არ დაუჭერს მხარს მოდელის ცვლილებას, ის ვერ შეიცვლება“, – განაცხადა თალაკვაძემ.