ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს არ გამორიცხავს

96

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

დღეს, 9 დეკემბერს ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები ხელისუფლებას უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, კვირის ბოლოს რადიკალურ ზომებს მიმართონ. ამის შესახებ ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა თბილისში, დღეს გამართილ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თამილა ლაფანაშვილმა ისაუბრა, ჯერჯერობით, უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართავენ ექიმის გასათავისუფლებლად და ასევე, აქციებზე, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.

მისი თქმით, მიუხედავად ყველა ქმედებისა, ოჯახს რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და ოჯახსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

ექიმის ცოლი ამბობს, რომ პრესაში ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეხუთე დღეს გავრცელდა, მანამდე კი ოჯახი ფაქტს არ ახმაურებდა, რადგან შესაბამისი უწყებებიდან ჰქონდათ რეკომენდაცია, რომ თუ ინფორმაცია გაჟონავდა, ამას შეიძლება უარყოფითი გავლენა მოეხდინა ვაჟა გაფრინდაშვილის მდგომარეობაზე იზოლატორში.

„ტყვეობის მეშვიდე დღეს გაგვაგებინეს, რომ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც მას მიესაჯა 2- თვიანი წინასწარი პატიმრობა რუსეთის კანონმდებლობის, 322-ე მუხლის მიხედვით. ეს არის საზღვრის უკანონოდ კვეთა. იმ დღესვე ჩავატარეთ სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პირველი აქცია. მე-8 დღეს, შაბათს, სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალური წარმომადგენლები დაგვპირდნენ, რომ ვაჟა 2-3 დღეში გათავისუფლდებოდა. ეს მოლოდინი გრძელდება დღემდე.

ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებიდან დამოუკიდებლად მაქსიმალურად გავაქტიურდით,”- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მან ასევე ოსური მხარის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ომის პერიოდში ვაჟა გაფრინდაშვილი მუშაობდა კლინიკაში და მკურნალობდა ყველას, მათ შორის ტყვედ ჩავარდნილ რუს პილოტებსაც და ამას ადასტურებს ღუდუშაურის კლინიკაც.

„ხვალ, 10 დეკემბერს იწყება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი და მონაწილე მხარეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ბერკეტი ვაჟა ექიმის დაუყონებლივ, უპირობოდ გასათავისუფლებლად. ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი. ამას ვითხოვთ უკვე ერთი თვეა.

ვითხოვთ, საქართველოს მთავრობისგან მეტად ქმედით ნაბიჯებს და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, 1 თვის თავზეც ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნული.

თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, მივმართავთ პროტესტის უფრო რადიკალურ ფორმებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და დაუბრუნდება ოჯახს,”- განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.