თბილისის მერია მოსახლეობას 2020 წლის დადგომას 125 000-ლარიანი კლიპით მიულოცავს

314
თბილისი

თბილისის მერია 2020 წლის დადგომას მოსახლეობას ვიდეოკლიპით მიულოცავს. კლიპის გადაღება-დამზადება 125 ათასი ლარი ჯდება. გასული წლების მსგავსად მომსახურება უტენდეროდ განხორციელდება. ინფორმაციას on.ge ავრცელებს.

“თბილისის მერია მუდმივად ზრუნავს დედაქალაქის მოსახლეობაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საახალწლო განწყობის შესაქმნელად, გარდა ქალაქში მერიის სხვადასხვა სამსახურების მიერ ჩატარებული სამუშაოებისა, მოსახლეობას დამდეგი ახალი წელიც მიულოცოს”, — აღნიშნავს თბილისის მერიის საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო.

უწყებაში On.ge-ს განუცხადეს, რომ საახალწლო კლიპის ღირებულება ბაზრის კვლევის შედეგად განისაზღვრა.

“სამმა კომპანიამ მოგვაწოდა შემოთავაზება და ფინანსური დასაბუთება. სააგენტოს მხრიდან მათ შორის ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით განისაზღვრა შესყიდვის საორიენტაციო ღირებულება”, — განმარტავენ სააგენტოში.

თბილისის მერია ნაძვის ხეს იტალიური კომპანიისგან მილიონ ლარად ყიდულობს. კახა კალაძის თქმით, თბილისის მთავარი ნაძვის ხე 25 მეტრი იქნება.

გასულ წელს თბილისის მერიამ მოსახლეობას ახალი წელი ორი კლიპით მიულოცა, რაც ჯამში 150 ათასი ლარი დაუჯდა, 2018 წლის მისალოც კლიპში კი ბიუჯეტიდან 115 ათასი დაიხარჯა.