ბათუმში, ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან, აქციას მართავენ

875

ოპოზიცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ლოზუნგია „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან ცენტრალური პარკიდან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, პარლამენტის პარალელურად, აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა მოხდეს არჩევა.

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ არც აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩატარდება პროპორციული წესით არჩევნები. ამ აქციით თორნიკე რიჟვაძეს ვეუბნებით, რომ ეს მისი პრეროგატივა არ არის და გადაწყვეტილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი კირთაძემ.

„კანონპროექტი ინიცირებულია, იყო საყოველთაო განხილვა, საკომიტეტო მოსმენები. ახლა რიჟვაძეს უნდა, ისე გადააგდოს ხალხი, როგორც – ივანიშვილმა“ ,- ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გია აბულაძე.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.