“ცენტრ მომავლის ინიციატივებს” დამკვირვებლად რეგისტრაციაზე თბილისის საქალაქო სასამართლომაც უარი უთხრა

1982

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის – “ცენტრი მომავლის ინიციატივების” სარჩელი ცენტრალური და მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

ორგანიზაცია სასამართლოსგან ითხოვდა, ქალაქ მცხეთის საარჩევნო ოლქში დამკვირვებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებულიყო. მანამდე, როგორც საოლქო, ისე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ორგანიზაცია იმ მოტივით არ გაატარა რეგისტრაციაში, რომ არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული ჯერ არ არის, მიუხედავად იმისა, რომ, “საარჩევნო კოდექსით”, რეგისტრაციისთვის მხოლოდ ბოლო ვადაა განსაზღვრული (კენჭისყრის დღემდე მე-10 დღისა) და საწყის ვადას კანონი არ ადგენს.

აღსანიშნავია, რომ მცხეთა ერთ-ერთი ის ქალაქია, რომელსაც, საქართველოს პარლამენტის დადგენილების ამოქმედების შემდეგ, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი გაუუქმდება და ის სათემო მუნიციპალიტეტთან გაერთიანდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცესკომ ქალაქ მცხეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილი საარჩევნო ოლქიც უნდა გააუქმოს. სწორედ ამიტომ, უხერხულობის თავიდა ასაცილებლად, საარჩევნო ადმინისტრაციებიც და ამჯერად უკვე სასამართლოც, კანონის უგულვებელყოფით, ორგანიზაციას არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას უზღუდავენ.

მოსამართლე თამარ მეშველიანი თავის გადაწყვეტილებაში წერს, რომ დამკვირვებელ ორგანიზაციას მონიტორინგის უფლებას საარჩევნო პროცესისგან განყენებულად ვერ მიანიჭებს და, რადგან არჩევნების თარიღი გამოცხადებული ჯერ არაა, ორგანიზაცია ვერ დარეგისტრირდება. მოსამართლე აქვე წერს, რომ საარჩევნო პროცესი დაწყებული ჯერ არ არის, თუმცა, მხედველობაში არ იღებს იმას, რომ, მაგალითად, საარჩევნო ოლქების შექმნა, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნა, ცესკოს მიერ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაცია და ა.შ. სწორედ საარჩევნო პროცედურებია, რაც იმას ადასტურებს, რომ საარჩევნო პროცესი ქვეყანაში უკვე დაწყებულია.

მოსამართლე, ასევე, მიუთითებს, რომ “საარჩევნო კოდექსის” თანახმად, თვითმმართველობის არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერის კონტრასიგნაციით, ნიშნავს საკრებულოს, მერის, გამგებლის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 60 დღისა. ამიტომაც საარჩევნო პროცესი, რომლის მიზანიც საკრებულოს, გამგებლისა და მერის არჩევაა, იწყება საქართველოს პრეზიდენტის მიერ არჩევნების თარიღის განსაზღვრიდან.

თუმცა, მოსამართლე არც აქ მიუთითებს, რომ იმავე “საარჩევნო კოდექსით”, ისევ, როგორც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნები ოქტომბერში ტარდება. შესაბამისად, არჩევნების დრო ორივე კოდექსით განსაზღვრულია და პრეზიდენტს მხოლოდ კონკრეტული თარიღის გამოცხადება ევალება.

“ამ ჩანაწერიდან გამომდინარე, საოლქო საარჩევნო კომისიას, ისევე, როგორც ცესკოს ან სასამართლოს, მარტივად შეეძლო განესაზღვრა, ხომ არ ირღვევა “საარჩევნო კოდექსით” დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ბოლო ვადა – “კენჭისყრის დღემდე მე-10 დღე”, ხოლო რადგან რეგისტრაციის საწყისი ვადა განსაზღვრული საერთოდ არაა, ორგანიზაცია რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა. შესაბამისად, არგუმენტი, რომ არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე ორგანიზაცია ვერ დარეგისტრირდება, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”, – ამბობს ორგანიზაციის პრეზიდენტი ლევან ალაფიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგნენ ქალაქ ოზურგეთში – “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი”, რომელსაც ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში შექმნილ საარჩევნო ოლქში დამკვირვებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია უნდოდა, ხოლო თელავსა და გორში – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფები, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციის გავლა და მერობისა და გამგებლობის კანდიდატთა წარდგენა სურდათ. მოტივი სამივეგან იგივეა – არჩევნების თარიღი გამოცხადებული ჯერ არაა.

მთავარი პრობლემა კი, როგორც აღვნიშნეთ, სულ სხვაა – მცხეთაც, ოზურგეთიც, გორიც და თელავიც ის ქალაქებია, რომლებსაც, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, აგვისტოს ბოლოს, ანუ არჩევნების თარიღის გამოცხადების დღეს, თვითმმართველი ერთეულის სტატუსი უნდა გაუუქმდეთ. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში ამ ქალაქებში შექმნილი საარჩევნო ოლქების გაუქმება დადგება.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები ამბობენ, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზიც სწორედ ესაა – არ შექმნან უხერხულობა იმ ქალაქებსა და თემებში, რომლებიც ერთ თვეში უნდა გაერთიანდნენ. მერე რა, თუ ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ამ სახელმწიფო ორგანოებს კანონის დარღვევა უწევთ.

თუმცა, საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, პროცესი, როგორც ჩანს, არ დასრულდა. ლევან ალაფიშვილმა droa.ge-ს უთხრა, რომ მან საქალაქოს გადაწყვეტილება სააპელაციოში უკვე გაასაჩივრა. და, თუ ყველა ინსტანციის სასამართლო საქალაქოს მსგავს უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, პროცესი აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება.

იხილეთ მოსამართლის გადაწყვეტილება:

იხილეთ მოსამართლე თამარ მეშველიანის ბიოგრაფია