ოთხშაბათი კინოს დღეა – ახალგაზრდებმა ამბროლაურში უფასო კინოკლუბი მოაწყვეს

3330

კარგი ამბავი ხდება რაჭაში, ამბროლაურში, სადაც ახალგაზრდების ერთმა ჯგუფმა უფასო კინოკლუბი მოაწყო. ოთხშაბათი კინოს დღეა – ამ ერთგვარი სლოგანით პირველი ფილმი უკვე გავიდა და დაანონსებულია, რომ ყოველ ოთხშაბათს ადგილობრივები ზამთრის ცივ დღეებში შეკრებას და საინტერესო ფილების ყურებას შეძლებენ. კინოჩვენებები სასტუმრო „წესის“ ერთ პატარა დარბაზში გაიმართება. დასწრება კი უფასო იქნება.

„ფეისბუქზე“ შექმნილია გვერდი, Cinema Club in Racha, სადაც ყოველი მომდევნო ოთხშაბათის საჩვენებელი ფილმის წინასწარ შერჩევა მოხდება. გვერდზე დაიდება 2 ფილმი და ყველაზე მეტ მოწონებას რომელიც დააგროვებს, ადგილობრივები იმ ფილმის ყურებას შეძლებენ.

ფილმების ჩვენების და პატარა კინოკლუბის მოწყობის იდეა სამ მეგობარს გაუჩნდა.

“ჩვენი სურვილია, ჩვენს ქალაქში კინოკულტურა დავაბრუნოთ. არავინ არ გვაფინანსებს, ამ ყველაფერს ჩვენ, მეგობრები ვაკეთებთ, კარგი ადამიანების დახმარებით”, – droa.ge-სთან ამბობს იდეის ერთ-ერთი ავტორი, ეთო არსანიძე.

მისი თქმით, იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც მან და მისმა ერთმა მეგობარმა, ნათია მაისაშვილმა გასულ წელს მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ჩვენების პროექტში – CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონულ ტურში და საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გაიმარჯვეს კიდეც, რის შემდეგაც დაიწყეს დოკუმენტური ფილმების ჩვენება ამბროლაურში, ხოლო როცა ეს პროექტი დასრულდა, გადაწყვიტეს, რომ ადგილობრივებისთვის მხატვრული ფილმების ჩვენებაც დაეწყოთ. კინოჩვენებებისთვის დარბაზი სასტუმრო „წესის“ მფლობელმა შესთავაზათ და პატარა კინოკლუბის მოწყობაც შედგა.

ჩვენს ქალაქში რამდენიმე წლის წინ, 2006-2007 წლებში, როცა მე სტუდენტი ვიყავი, ჩვენი კინოთეატრი გაიყიდა. ძალიან დიდი შენობა იყო, სადაც მთელი ბავშვობა გავატარეთ. ამის შემდეგ გულში ხინჯად გვქონდა, რომ კინოთეატრი აღარ დაგვრჩა

ეთო არსანიძე: “ძალიან დიდი ხანია თავში გვიტრიალებს ეს იდეა. სამი მეგობარი ვართ, მე, ნათია მაისაშვილი და გვანცა ჯანხოთელი. ასევე ჩვენ გარშემო შემოკრებილი არიან თანამშრომლები, მეზობლები, მეგობრები. ჩვენს ქალაქში რამდენიმე წლის წინ, 2006-2007 წლებში, როცა მე სტუდენტი ვიყავი, ჩვენი კინოთეატრი გაიყიდა. ძალიან დიდი შენობა იყო, სადაც მთელი ბავშვობა გავატარეთ. ამის შემდეგ გულში ხინჯად გვქონდა, რომ კინოთეატრი აღარ დაგვრჩა. გავიდა წლები, შარშან პროექტში – CinéDOC-Tbilisi-ს რეგიონულ ტურში მონაწილეობა მივიღეთ მე და ნათიამ. საუკეთესო პროექტის წარდგენისთვის გავიმარჯვეთ და დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების ჩვენება. სრულად ენთუზიაზმზე იყო ეს დაფუძნებული. შარშან 17 კინოჩვენება ჩავატარეთ, კინოჩვენებები წელსაც გაგრძელდა. როცა ეს პროექტი დასრულდა და პროექტის ფილმები ამოიწურა, გადავწყვიტეთ, კინოჩვენებები გაგვეგრძელებინა, იმიტომ, რომ რაჭაში ძალიან დიდი ზამთარი იცის და გართობის არანაირი საშუალება არ არსებობს. სასტუმრო „წესის“ ადმინისტრაციამ ფილების საჩვენებლად კომფორტული დარბაზი შემოგვთავაზა და გადაწყდა, რომ დოკუმენტური ფილმების ნაცვლად მხატვრული ფილმების ჩვენებაზე გადავსულიყავით. ეს კამპანია უკვე დავიწყეთ და დიდი გამოხმაურება და ინტერესიც აქვს. ამბროლაურში კინოს დღე ყოველ ოთხშაბათს იქნება”.

მისი თქმით, მათი სურვილია, კინოჩვენებები ონშიც გაიმართოს, თუმცა, ჯერ ამის ტექნიკური საშუალება არ აქვთ.

“ჯერ ამბროლაურში გვაქვს ეს კამპანია. ვფიქრობთ, რომ ონშიც შესაძლებელი გახდება. აპარატურის პრობლემა გვაქვს. პროექტორის ერთ-ერთი სამსახურისთვის გამორთმევა გვიწევს, ცალკე დინამიკის თხოვნაც და ამიტომაც ონს, ჯერჯერობით, ვერ გავწვდებით. თუ მოვახერხეთ, ან აპარატურა შევიძინეთ, ან ვინმე დაგვეხმარება, მაშინ ონსაც მოვიცავთ”, – ამბობს ეთო.

ამბროლაურში ოთხშაბათის კინოჩვენების პირველი ფილმი უკვე გავიდა – 1980-იან წლებში გადაღებული იტალიური ფილმი – „ახალი კინოთეატრი პარადიზო“. „ფეისბუკის“ გვერდზე მომდევნო ოთხშაბათს საჩვენებელი ორი ფილმის თრეილერიც დაიდო და მეტ მოწონებას რომელი ფილმის დაიმსახურებს, ოთხშაბათს „კინოთეატრში“ ის ფილმი გავა.

“არა მარტო ახალგაზრდები, უფროსი თაობის ინტერესიც დიდია. იტალიური ფილმი, „ახალი კინოთეატრი პარადიზო“ ვაჩვენეთ და ეს ერთგვარად სიმბოლურიც იყო, რადგან ამ ფილმშიც კინოთეატრის შენარჩუნებაზეა ამბავი. ვცდილობთ კინოკლასიკა ავარჩიოთ. შერჩეული გვაქვს ერთი თვის პროგრამაც. გვექნება ქართული ფილმებიც, მაყურებლებისგან ამის სურვილიც წამოვიდა. ჩვენი მიზანია, ერთი პატარა სივრცე გვქონდეს, სადაც შევიკრიბებით და ზამთრის ცივ დღეებში კარგ ფილმებს ვნახავთ.

ახლა ორ ფილმს დავდებთ კლუბის „ფეისბუქ“ გვერდზე და მაყურებელი მათგან შეარჩევს, რომლის ნახვა ურჩევნია მომავალ ოთხშაბათს. Cinema Club in Racha – ეს არის ჩვენი გვერდის სახელწოდება. ოფიციალურად საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირებული არ გვაქვს. რამდენიმე დღეა, რაც ეს გვერდი გავაკეთეთ და საკმაოდ გამოხმაურება აქვს, – დასძენს ეთო არსანიძე.

ჩვენ კი იმედს ვიტოვებთ, რომ ახალგაზრდების ეს ძალიან კარგი წამოწყება მხოლოდ შიშველი ენთუზიაზმის იმედად არ დარჩება და გოგონები შეძლებენ, შეიძინონ თუნდაც მინიმალური ტექნიკა, შექმნან მყუდრო სივრცე და გარემო იმისათვის, რომ რაჭაში დარჩენილ თანასოფლელებსა და თანაქალაქელებს ზამთრის ცივი და გრძელი დღეები მცირედით მაინც გაუხალისონ.