ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანეს

691

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებული შუა გამყოფი ზოლი გაამწვანა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შუა გამყოფი ზოლი, რომლის სიგრძეც 1000 მეტრია, ხოლო ფართობი 5500 კვ. მეტრი, 350-მდე, სხვადასხვა სახეობის სამ მეტრზე მაღალი ხე დაირგო. გარდა ამისა, აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა სარწყავი სისტემის დამონტაჟების სამუშაოები. ასევე, ტერიტორიაზე დაგეგმილია მიწის შეტანა და ბალახის დათესვა.

მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება. 

“დღეს, დიდ დიღომში დასრულდა ერთკილომეტრიანი გზაგამყოფის გამწვანების სამუშაოები. ტერიტორიაზე 350-მდე მერქნიანი მცენარე დაირგო. ეს 5 000 კვადრატული მეტრზე მეტი ფართობი, რომელიც შეემატება დიდ დიღომს რეკრეაციული სივრცის სახით, ვფიქრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია ამ უბნის გარემოსდაცვითი პრობლემების ნაწილობრივ გადასაჭრელად. ამგვარი რგვები თბილისის ყველა უბანში გაგრძელდება და  ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შედეგები გვექნება თბილისის გამწვანების კუთხით“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, სამუშაოების დათვალიერებისას.