მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა დასრულდა

650

პროექტ “ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობა დასრულდა.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში დედაენისა და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

“ამ ეტაპზე მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების, თაღის მალის ნაშენის ქვისა და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე, ბოძკინტების მონტაჟი და გვირაბის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება ზაარბრიუკენის ხიდის კამარების სარეაბილიტაციო და საფეხმავლო ნაწილზე ბაზალტის ფილების მოწყობის სამუშაოები”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც იგეგმება, რაც მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას ითვალისწინებს.

 “მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების დამაკავშირებელი გზა ქვედა ფენებში უკვე დამთავრებულია. ცალმხრივად უკვე დღეიდან გაიხსნება. 9 დეკემბერს ზედა ფენებიც იქნება მოწყობილი და შესაძლებელი იქნება გადაადგილება. რაც შეეხება დედაენის ბაღისა და 9 მარტის ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება. ძალიან კარგი პროექტი გამოდის, მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ განახლებული აღმაშენებელი ამ გზით უკავშირდება განახლებული ორბელიანის მოედანს. ერთი ძალიან დიდი ტურისტული სივრცე იქნება, რაც ვფიქრობ, ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და  დამატებითი მიზიდულობის ცენტრი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაოების დათვალიერებისას. 

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კი 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარამდე შეადგენს.