მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე იყიდება

752

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. კერძოდ, აუქციონზე გამოტანილია დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზეა მითითებული, ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი სასტუმრო კომპლექსია.

ელექტრონული აუქციონის პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, სასტუმროს შექმნა ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა მოხდეს. აუქციონზე გამოტანილი ქონების საწყისი ღირებულება 1 840 000 ლარია. აუქციონი 29 ნოემბერს გაიხსნა და 13 დეკემბერს დასრულდება.