აღმოაჩინე უცნობი მემკვიდრეობა – ზუგდიდში გამოფენა და ფილმის ჩვენება გაიმართება

1222

პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, 12 დეკემბერს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ზუგდიდში სპეციალური გამოფენას, მცირე ლექციას – “ადგილობრივი თვითმმართველობის გამოცდილება საუკუნის წინ” და ფილმის – “ინიციატივა არ ისჯება” ჩვენებას გამართავს. გამოფენა სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში 14:00 საათზე გაიხსნება.

2018 წელს პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობების შექმნიდან 100 წელი გავიდა, 100 წლის წინ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეიქმნა თვითმმართველი ქალაქები, თვითმმართველი მაზრები და წვრილი სათემო თვითმმართველობები.

ამ თემასთან დაკავშირებით, 12 დეკემბერს ქალაქ ზუგდიდში  გაიმართება გამოფენა, ისტორიკოსების ირაკლი ხვადაგიანისა და დავით ლოსაბერიძის მცირე ლექციები და  დოკუმენტური ფილმის „ინიციატივა არ ისჯება“ ჩვენება, ჩვენებას გაუძღვება მკვლევარი ანა მარგველაშვილი. დოკუმენტური ფილმი XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების განვითარებას შეეხება, ჩვენებას გაუძღვება მკვლევარი ანა მარგველაშვილი.

ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლების საზოგადოების – GIZ-ის წარმომადგენლები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გეგა შენგელია და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლების თვითმმართველი ორგანოების შესახებ მასალები, რომლებიც ეროვნულ არქივში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივ არქივშია დაცული; მასალები თვითმმართველობის პირველი არჩევნების ისტორიის შესახებ – საარჩევნო სიები და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები.  გამოფენაზევე დარიგდება დავით ლოსაბერიძის მიერ მომზადებული ნაშრომი – „ადგილობრივი თვითმმართველობა 100 წლის წინ“ და ირაკლი ხვადაგიანის (საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია) ნაშრომი „ერობა“.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ წარმოდგენილ მასალებზე ისტორიკოსებმა დავით ლოსაბერიძემ, ირაკლი ხვადაგიანმა და ირაკლი ირემაძემ იმუშავეს. ექსპოზიცია იმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ფინანსური მხარდაჭერით, გამოფენას მხარს უჭერს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოფენის პარტნიორია საქართველოს ეროვნული არქივი, რეგიონებში გამოფენების ორგანიზატორები არიან საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია  და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.