ათონელსა და ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის 2 სასახლის მოვლა-პატრონობაზე 9 თვეში 1 700 000 ლარამდე დაიხარჯა

731

პრეზიდენტის 2 ადმინისტრაციული შენობის შენახვა და მოვლა-პატრონობა საქართველოს ბიუჯეტს 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის ოქტომბრამდე 1 696 305 ლარი დაუჯდა.

ავლაბრისა და ათონელის რეზიდენციის შენახვის ხარჯების შესახებ საჯარო ინფორმაცია, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

უფრო კონკრეტულად, ავლაბრის რეზიდენციის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლასა და კომუნალურ გადასახადებში დახარჯული თანხა – 638 050.65 ლარს შეადგენს. (წყალი – 68 780.41ლარი, გაზი – 109 873.15 ლარი, ელ. ენერგია -406 150.59 ლარი, გენერატორის დიზელის ხარჯი – 43 110 ლარი, შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა – 10 136.5 ლარი) ავლაბრის რეზიდენციის დაცვაში კი 406 168.75 დაიხარჯა. (ხელფასი – 335 536.09 ლარი, დანამატები 58 165 ლარი, უნიფორმა – 12 467.66 ლარი). მთლიანობაში ავლაბრის რეზიდენციის ხარჯი 1 044 219.4 ლარს შეადგენს.

ათონელის რეზიდენციის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლასა და კომუნალურ გადასახადებში დახარჯული თანხა 184 473.05 ლარს შეადგენს. (წყალი – 6 569.27 ლარი, ელ. ენერგია – 71 651.08 ლარი, შენობის და მიმდებარე ტერიტორიის მოვლა – 106 252.7 ლარი). ათონელის რეზიდენციის დაცვის ხარჯები 467 613.28 ლარს შეადგენს (ხელფასი – 408 109.44 ლარი, დანამატი – 55 135 ლარი, უნიფორმა – 4 368.84 ლარი) და აჭარბებს ავლაბრის რეზიდენციის დაცვაში დახარჯულ თანხას. მთლიანობაში ათონელის რეზიდენციის მოვლა- პატრონობასა და შენახვაში 652 086.33 ლარი დაჯდა.

აღსანიშნავია, რომ შენობების მოვლისა და კომუნალური გადასახადების ხარჯები 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ხოლო დაცვის ხარჯები ოქტომბრის თვის ჩათვლითაა მოცემული.

შეგახსენებთ, რომ ავლაბრის სასახლემ სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციის ფუნქცია დაკარგა, ვინაიდან ზურაბიშვილი ათონელზე მდებარე სასახლეში შევიდა, თუმცა უცხოელ სტუმრებს ძირითადად, ავლაბრის რეზიდენციაში მასპინძლობს.