ზუგდიდის მერიამ საახალწლო კონცერტისთვის 39 ათასამდე ლარი გამოყო

911
ზუგდიდში დაგეგმილი საახალწლო კონცერტისთვის ადგილობრივმა მერიამ 38 ათას 880 ლარი გამოყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სადღესასწაულო ღონისძიება, გალა-კონცერტი 31 დეკემბერს, დადიანების მუზეუმის ტერიტორიაზე უნდა გაიმართოს. ორსაათიანი პროგრამა ფოიერვერკით დასრულდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ტენდერში გამარჯვებულმა საკონცერტო სცენის მოწყობა, გაფორმება ეფექტებით და განათებებით უნდა უზრუნველყოს. ასევე, გახმოვანების აპარატურით და გარე გამოყენების ლედ ეკრანით მომსახურება, ხმის რეჟისორის, ასისტენტისა და განათების რეჟისორის მოწვევა, მუსიკალური პროგრამის ორგანიზება, წამყვანისა და თეატრალური მსახიობის მოწვევა, სადღესასწაულო ფოიერვერკების მოწოდება-გაშვების მომსახურება.

რაც შეეხება მუსიკალურ პროგრამას, კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს 5-6 წევრისგან შემდგარმა ცნობილმა ინსტრუმენტალურმა ბენდმა ქართული და უცხოური რეპერტუარით, ყველა ასაკზე გათვლილი ჰიტებით.

“არანაკლებ ორი ვოკალისტით, ბენდის სოლისტი ცნობილი სახე, სატელევიზიო შოუს მომღერალი. ასევე, ცნობილი ადგილობრივი 4 სოლო შემსრულებელი მომღერალი, საავტორო და არასაავტორო სიმღერებით, ქართული და უცხოური რეპერტუარით”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

კონცერტზე იქნება იქნება თოვლის ბაბუის პერსონაჟი.

მერიამ უფრო ადრე გამოაცხადა ტენდერი ზუგდიდის საახალწლო დეკორაციებისთვის, რისთვისაც 100 ათასი ლარი გამოყო. სადღესასწაულო საჩუქრებისთვის კი 40 ათას ლარამდე თანხა.