მცხეთის მერი აქციაზე: წინ ვიდექი და კვერცხების და ცოცხის სროლა არ მინახავს

1276

წინა სტატია

მცხეთის მერი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ “წინ იდგა” და კვერცხების და ცოცხების სროლა არ უნახავს.

მისივე თქმით, აქციაზე იმიტომ იდგა, რომ პროცესს მშვიდობიანად ჩაევლო, როგორც დღეს, ასევე გუშინაც, თუმცა, მისივე თქმით, გუშინ ჩამოსული აქტივისტები პროვოკაციისკენ იყვნენ მოწოდებულები.

„მე აქციაზე იმიტომ ვიდექი, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. ამისთვის ვიყავით მოწოდებულები, არამარტო დღეს, არამედ გუშინაც, მაგრამ გუშინდელ დღეს მობრძანებული ახალგაზრდები პირდაპირ პროვოკაციისთვის იყვნენ მოწოდებულნი. თვითონ შალვა ნათელაშვილის ბიჭმა დაიწყო ინციდენტი, იმიტომაც დააკავეს და ამას მოჰყვა შემდგომ აურზაური და გაუგებრობა. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელი ფაქტი იყო. მე სწორედ ამიტომ ვიდექი, რომ მინდოდა დამეცვა სუბორდინაციაა და დისციპლინა, რათა ეს ყველაფერი ინციდენტის გარეშე დასრულებულიყო“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ აქციას და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლას, მცხეთის მერი ამბობს, რომ ოპოზიციამ აქცია ტელევიზიების მეშვეობით დაანონსა და ხალხმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა, მცხეთის მერიასთან „ოცნების“ მხარდასაჭერად მისულიყო.

„დღევანდელ აქციაზე ახლა ზოგი არის საჯარო მოხელე, ზოგი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, ეს აქცია დაანონსეს ტელევიზიით, გაიგო ხალხმა და მოვიდნენ „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერად, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშობლები გუშინაც ვცდილობდით ყველანაირად, რომ დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ სულ სხვანაირად გაშუქეს, მოხდა არასიამოვნო ფაქტი ჩხუბის სახით, არ ვიყავით მაგისთვის ჩვენ განწყობილი“ ,- განაცხადა მცხეთის მერმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის მერიასთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, ერთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავდნენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ამის გამო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოლიციამ დააკავა.

ამასთან, “ოცნების” მომხრეებმა ცოცხი და ბოთლი ესროლეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ზაალ უდუმაშვილს, ხოლო “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

ეს აქცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც 2 დეკემბერს მცხეთაში მომხდარი ინციდენტისას 7 პირი დააკავეს. მათ შორის ოთხი, მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტი, სამი – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. შვიდივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

აქტივისტები მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, დემონსტრაციას მართავდნენ. მათ მაჟორიტარის ოფისთან სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის ეკითხათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.