გურჯაანის მერის მოადგილემ, ლელა თევდორაშვილმა, თანამდებობა დატოვა

622

გურჯაანის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ორშაბათს საკუთარი სურვილით თანამდებობა მერის მოადგილე, ლელა თევდორაშვილმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა სპექტრი წერს.

თევდორაშვილი ამბობს, რომ იგი ძველ სამსახურს დაუბრუნდება და კვლავ გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს.

„მივიღე გადაწყვეტილება და დღეიდან ვტოვებ გურჯაანის მერის მოადგილის თანამდებობას, რომელსაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვიკავებდი. მუშაობას გავაგრძელებ ჩემს ძველ სამსახურში, გურჯაანის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების გაერთიანების დირექტორად,“ – განაცხადა ლელა თევდორაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ლელა თევდორაშვილის თანამდებობაზე მერის პირველი მოადგილე, სიმონ ქოჩორაშვილი მოიაზრება, ხოლო პირველ მოადგილედ – სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, თეიმურაზ ზავრაშვილი. თუმცა, ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს მერი, არჩილ ხანდამაშვილი და ამბობს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე კანდიდატი ჯერ არ შეურჩევია.

„ლელას დიდი ხანია ჰქონდა სურვილი დაბრუნებოდა ბაღების გაერთიანებას. რაც შეეხება განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ, ჯერ არ მინახავს, რადგან თბილისში ვიმყოფები. მერის პირველ მოადგილედ თეიმურაზის გადმოსვლას ვერ დავადასტურებ, რადგან კანდიდატებზე მსჯელობა ისევ მიდის. დეტალები ჯერ კიდევ გასავლელია,“ – ამბობს ხანდაშვილი.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება სავარაუდოდ ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

ლელა თევდორაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა. მანამდე ის გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.