შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

524

3 დეკემბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

09:30 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია: „დაინახე, გაიგონე, გადადგი ნაბიჯი“.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი, ასევე ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი.

16:30 საათზე თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დამსწრე საზოგადოება იხილავს პროექტის „მე შემიძლია“ გამოფენას, სახელწოდებით „ჩემი საყვარელი პარასპორტი, ტოკიო 2020 პარალიმპურ თამაშებზე“. ღონისძიების მიზანია მოზარდებში პარასპორტის პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება საუკეთესო ნამუშევრის ავტორის დაჯილდოვების ცერემონიალი.

17:00 საათზე ჩატარდება მჯდომარე ფრენბურთის საერთაშორისო ტურნირის გახსნის ცერემონიალი და სპორტის ახალი სახეობის (Paratecvoly) პრეზენტაცია. საქართველოს პარალიმპურ კომიტეტს უნგრეთის მჯდომარე ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელი საჩუქრად გადასცემს Paratecvoly-ის მაგიდას.

დასასრულს შედგება საჩვენებელი მატჩი საქართველოსა და უნგრეთის მჯდომარე ფრენბუთის გუნდებს შორის.

დღესვე, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.