ქუთაისის სპორტული ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე “მთავარ არხს” კაბინეტში შეჭრაში ადანაშაულებს და პოლიციას მიმართავს

600

ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე შს სამინისტროს მიმართავს, გამოძიება დაწყოს “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ მის კაბინეტში შეჭრის ბრალდებით.

ა(ა)იპ-ის შენობაში იმყოფებოდნენ შს სამინისტროს თანამშრომლები. სამართალდამცველების მიერ გამოიკითხა თანამშრომლები, მათ შორის, ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.

ქუთაისის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, მათი ცნობით, ტელეკომპანია “მთავარის” კორესპონდენტი ემა გოგოხია ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შევიდა, დოკუმენტები გადმოყარა, შემდეგ კი არეული ოთახი გადაიღო.

როგორც მამუკა მღვდელაძემ განაცხადა ქუთაისში ბოლო დღეებში გამართული აქციების პარალელურად მის მიმართ არ წყდება უსაფუძვლო ბრალდებები. ორშაბათს კი თავის სამუშაო კაბინეტში შეიჭრა „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი და მის სამუშაო მაგიდაზე დოკუმენტაცია მიმოფანტა.

„ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები შემოვიდნენ. ადგილზე არ ვიყავი და ნებართვის გარეშე შევიდნენ ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიც არიეს. გარდა იმისა, რომ ბრალს მდებენ აქციების ორგანიზებაში უკვე პირად სივრცეშიც იჭრებიან. დიახ, მე ვიყავი აქციაზე, როგორც მოქალაქე, მაგრამ მე ყოველთვის აქტიურად ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ. უკვე მივმართე საგამოძიებო უწყებას“ – განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ მამუკა მღვდელაძემ.