ჯიშკარიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, ბრალდებას კი მასზე ორტომიანი საქმე აქვს

750

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ბრალდების მხარემ ორ ტომად წარადგინა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოიაზრებს როგორც ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს, – ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„დღეს სასამართლო ამ მტკიცებულების განხილვაში არ შევა, მხოლოდ იმსჯელებს პროცედურულად რამდენად სწორად არის მოპოვებული. ასევე დაცვის მხარეს აქვს გარკვეული მტკიცებულებები მოპოვებული, რომელთა დაუშვებლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს აქვს გარკვეული შუამდგომლობები“, – განაცხადა პროკურორმა.

როგორც ის ამბობს, ვიდეომასალები ჯერ კიდევ პირველი წარდგენის პროცესზე იყო მოპოვებული.

“ბუნებრივია, ეს არ იყოს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, მაგრამ იყო ფაქტის შემდეგ დაზარალებულის გადაადგილება, როცა შემთხვევის ადგილი დატოვა”, -განაცხადა თამარ იაკობიძემ.

“დღეს სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებთ იმსჯელებს. არის თუ არა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები და დასაშვებობას განიხილავს და დანიშნავს არსებითი განხილვის თარიღს. ძალიან ბევრი დამატებითი მტკიცებულებებია საქმეში, რომელზეც ვერ ვისაუბრებ, თუმცა სასამართლოს სხდომის მერე გავაკეთებთ განცხადებას, მათ შორის იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა მას შემდეგ რაც ბოლო სატელევიზო ეთერი გვქონდა. არის ვიდეომტკიცებულებებიც”, – განაცხადა დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ”, – განაცხადა ილია ჯიშკარიანმა.

ილია ჯიშკარიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან 21-ის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, უნდა გასცეს პასუხი დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარეს.

გარად ამისა, თამთა თოდაძე ილია ჯიშკარიანის ადვოკატ მარიამ კუბლაშვილს პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით უჩივის.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს პროკურატურამ 8 ოქტომბერს ბრალი წარუდგინა თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე სექსუალური და ფიზიკური ძალადობის საქმეზე. დეპუტატი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ მოუთხოვია და მხოლოდ 10 000-ლარიან გირაოს დასჯერდა. სასამართლო 11 ოქტომბერს საავადმყოფოში გაიმართა.

სასამართლო პროცესის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ჯიშკარიანს ასევე შეეზღუდა მოწმეებთან კომუნიკაცია.

თამთა თოდაძემ განაცხადა, რომ “ოცნების“ დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა სამსახურში მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, მას შემდეგ კი, რაც ქალმა წინააღმდეგობა გაუწია, დეპუტატი მას ფიზიკურად გაუსწორდა.