რამდენი ლარი დაიხარჯება ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო სამზადისისთვის

808

ნაძვის ხის შეძენა, კონცერტები და სანათები – ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო სამზადისისთვის ჯამში 197 116 ლარია განსაზღვრული. შესაბამისი ტენდერები გამოცხადებულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, ბორჯომსა და ბაკურიანში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ტენდერი ჯერ კიდევ სექტემბერში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „ნაით შოუმ“ მიიღო. იგი მომსახურებას 22 350 ლარიად შეასრულებს.

კომპანიამ, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში, 31 დეკემბერს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის ორი სცენის, განათებისა და გახმოვანების აპარატურის მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

გარდა ამისა, მერია ბაკურიანში ახალ ნაძვის ხეს დადგამს. ამისათვის ტენდერი 29 ოქტომბერს გამოცხადდა და მასში შპს „ჯეო სტრიმმა“ გაიმარჯვა. კომპანია ნაძვის ხეს 17 184 ლარად შეიძენს.

კიდევ ერთი ტენდერი, რომელიც დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში საახალწლო სანათების შეძენასა და ბაკურინაში ნაძვის ხის მორთვას შეეხება, 157 582 ლარზე გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ექვსი დეკემბრიდანაა შესაძლებელი.