თბილისის მერია: 65 მილიონ ევროდ ბუნებრივ აირზე მომუშავე 200 ავტობუსს ყიდულობს

1324

თბილისში 200 ერთეული ახალი ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსების შემოყვანისთვის EBRD საქართველოს 65 მილიონი ევროს სესხს (212 მლნ ლარი) გამოუყოფს, რომელიც ქვე-სესხის სახით გადაეცემა ქალაქ თბილისს და მოხმარდება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ ბუნებრივ აირზე მომუშავე 200 ავტობუსის შეძენას, ასევე, ავტობაზების რეაბილიტაციას.

პროექტი თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელებაა, რომელსაც EBRD-თან ხელი 2016 წელს მოეწერა და რომლის ფარგლებშიც ბანკმა 27 მილიონი ევრო გამოყო 143 ავტობუსის შესაძენად.

“საჯარო ტრანსპორტი გახდა უფრო სანდო, უსაფრთხო და ეფექტიანი. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება კი ემისიების შემცირებას უწყობს ხელს. ასევე, დაბალ-ძირიანი ავტობუსები მგზავრობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის, მათ შორის, ასაკოვანი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის,”- ნათქვამია ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

“ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქალაქ თბილისთან ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობის პროცესში. გვიხარია, რომ ხელს შევუწყობთ ახალი ავტობუსების შეძენას. ხარისხიან საჯარო ტრანსპორტზე მოთხოვნა მაღალია. აქამდე შეძენილი ავტობუსები, გაუმჯობესებული გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტების წყალობით, საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. ჩვენთვის პრიორიტეტულია საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ მსგავს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც განვახორციელებთ“, განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში.