“ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, პიკეტის დაწყებამდე შევიდნენ

787

დღეს, 29 ნოემბერს “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტში დილით ადრე, პიკეტის დაწყებამდე შევიდნენ. პარლამენტის მიმდებარე ქუჩები პოლიციას დღეს რკინის ჯებირებით აღარ გადაუკეტავს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ პიკეტმა შედეგი უკვე გამოიღო და ხელისუფლებამ დეპუტატები პარლამენტში დილის 7 საათზე შეიყვანა.

პარლამენტთან მისულმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ პიკეტი ძალაშია, თუმცა კონკრეტულად რომელი შენობა დაპიკეტდება, ამას ნახევარ საათში გაახმოვანებენ.

“ჩვენ მივალთ ყველგან, სადაც ქარიშხალია და სისხლიანი გახარია დგას. დილით პოეზია კარგია. ასე რომ, გახარია იქნება ეს წულუკიანი თუ… დღეს მართ არ მოაკლდებათ ჩვენი ყურადღება”, – განაცხადა უგულავამ.

პარლამენტში 10 საათიდან კომიტეტების სხდომებია დაგეგმილი, 12 საათზე უნდა გაიმართოს პლენარული სხდომაც. გარეთ აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან შეკრებილნი, ისინი ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება ეცდებიან დეპუტატებს მუდმივად დისკომფორტი შეუქმნან. ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც, მათი ინფორმაციით თეა წულუკიანი იმყოფება.