ცქიტიშვილი: მიმდინარე აქციები არ არის სახალხო პროტესტი, ის ოპოზიციის აქციებია

664

ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე აქციები ოპოზიციის აქციებია და არა სახალხო პროტესტი. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა არის ყველაზე ნორმალური პროცესი, რაც კი შეიძლება იყოს და რაც მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ტურიზმის და ეკონომიკის განვითარებას, თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ აქციებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ და ოპოზიციის მცდელობებზე წარმოაჩინოს ეს აქციები, როგორც სახალხო პროტესტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვხედავთ პირველ რიგში მედიასაშუალებების მეშვეობით, რომ ეს აქციები სინამდვილეში არის ოპოზიციის აქციები. ოპოზიციის მიერ ორგანიზებული და მხოლოდ ოპოზიციის წევრების მონაწილეობით ორგანიზებული. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე სახალხო პროტესტთან“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, აქციები იძენს აგრესიულ ფორმებს, რაც მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე ვიხილეთ, რომ ეს აქციები, რომლებსაც ოპოზიცია ატარებს, გაცდენილია გამოხატვის თავისუფლებას, მშვიდობიან და კონსტრუქციულ ფორმებს. სამწუხაროდ, იძენს ასეთ აგრესიულ ფორმებს. ამასთან, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია ის აგრესიული ფორმები, რომლებიც მიმართულია პირველ რიგში პარლამენტარების მიმართ. დღესაც, კონკრეტულ პარლამენტარებს არ მიეცათ პარლამენტში შესვლის და ფუნქციის განხორციელების უფლება. ჩვენ, როგორც ხელისუფლება ვალდებული ვართ, რომ ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში და ჩვენმა დემოკრატიულმა ინსტიტუციამ, პარლამენტმა, რომელიც მოსახლეობის არჩევანის გამოსახულებაა, შეასრულოს თავისი მოვალეობა“,- აცხადებს ცქიტიშვილი.

ვიცე-პრემიერის აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი არ ემუქრება.

“გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში არაფერი არ ემუქრება. წლების განმავლობაში ეს ყველას დავანახეთ და დღესაც, ის, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, მთავრობის ადმინისტრაციასთან და პარლამენტთან, ეს არის იმ გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც სახელმწიფოს ვალდებულებაა,”- თქვა ცქიტიშვილმა.

ამასთან, ვიცე-პრემიერის თქმით, 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში.

ჩვენ ამ გზას არ გადავუხვევთ არც 2020 წელს და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა და სურვილი იყო 2020 წელსვე გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, რომელიც არის უფრო გახსნილი და იქნებოდა შემდგომი ნაბიჯი საარჩევნო სისტემის ლიბერალიზაციისკენ, მიუხედავად ამისა, ის საარჩევნო სისტემა, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში, ვერ დავარქმევთ, რომ ეს საარჩევნო სისტემა არ არის დემოკრატიული. ის, რომ ჩვენ მოგვიწევს 2020 წლის არჩევნების შერეული სისტემით ჩატარება, არ ნიშნავს იმას, რომ საქართველომ უკან დაიხია დემოკრატიულობის მაჩვენებლებში”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.