ხმაური გორში ელისაშვილთან შეხვედრაზე და ბაზარში “მოსეირნე” გორის კულტურის ა(ა)იპ-ის თანამშრომლები

631

ალეკო ელისაშვილის შეხვედრას მოსახლეობასთან გორში ხმაური მოჰყვა. “სამოქალაქო მოძრაობა“ კამპანიის “ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები“ ფარგლებში, ალეკო ელისაშვილი გორის ბაზარში მოქალაქეებთან შესახვედრად და მათთან გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის პასიურ პარლამენტარობაზე, კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებში უკონკურენტო მონაწილეობაზე სასაუბროდ ჩავიდა.

“პროპორციული არჩევნებია ის, რაც მაკრახიძემ და მისნაირებმა ხალხს წაართვეს. ეს უნდა დამთავრდეს, რომ მისნაირები ვეღარ მოაჯდნენ ამ ქვეყანას. ეს ბაზარი მაკრახიძეს გორის მერიისგან წელიწადში 2 ლარად აქვს იჯარით აღებული და თქვენ რამდენს გახდევინეთ?”, – განაცხადა ელისაშვილმა მოვაჭრეებთან შეხვედრისას.

ელისაშვილის ჩასვლის პარალელურად ბაზარში სხვადასხვა ა(ა)იპ-ის წარმომადგენლები,  “ქართული ოცნების” აქტივისტები და გორის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმოჯდომარემ მიხეილ გოგინაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ის ბაზარში სასეირნოდ მივიდა, ხოლო საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” მერაბ მელანაშვილმა თქვა, რომ ბაზარში საყიდლებისთვის იყო მისული. 

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელის გელა კაპანაძის თქმით, გორის ბაზარში მყოფი თანამშრომლები შვებულებაში არიან.

“ვიცი, რომ ჩემი თანამშრომლები იმყოფებიან ბაზარში. ისინი არიან შვებულებაში და ცოტა ხანში, ამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც გაჩვენებთ”, – განაცხადა კაპანაძემ.

ადგილობრივი გამოცემის “რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, დღევანდელი დღისთვის შვებულებაში გასვლა სააგენტოს 12-მა თანამშრომელმა მოითხოვა. მათგან 7-მა განცხადება რამდენიმე დღით ადრე, 5-მა კი დღეს დილით დაწერა, მოგვიანებით კი, მათი ნაწილი გორის აგრარულ ბაზარში სააგენტოს კუთვნილი ავტობუსით მივიდა.