ზუგდიდის მერია, 2020 წლის ბიუჯეტში, 160 000 ლარს რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფს

419

რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალ ბიუჯეტში 160 ათასი ლარი განსაზღვრა. პროექტის მიხედვით, ქვეპროგრამის მიზანია რელიგიური ორგანიზაციების და სხვადასხვა კონფესიათა საქმიანობის, კანონით ნებადართული აქტივობების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ღონისძიებათა ფინანსური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

მოსალოდნელი შუალედური შედეგი, როგორც პროექტითაა განმარტებული, უნდა იყოს, “ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენებისთვის პროგრესული, მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში”.

ასევე, კანონმდებლობის ფარგლებში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება და სახელმწიფო ინიციატივის წარმოჩენა.

რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის თანხის გამოყოფის საკითხთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს. როსტომ ზარანდია დაინტერესდა, თუ რას ნიშნავს “ეკლესიისა და მორწმუნე მრევლის როლის გაძლიერება საზოგადოების ფართო ფენებისთვის პროგრესული, მაღალი მორალურ-ზნეობრივი სულისკვეთების ფორმირებაში”. ცაბუნია ვართაგავამ კი იკითხა, თუ როგორ მიაღწევენ პროექტით გაწერილ შედეგს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელის ერთ-ერთი კთხვაც სწორედ რელიგიის მუხლს ეხებოდა. ვიქტორ კვიტატიანის სიტყვებით, რა აუცილებლობითაა გამოწვეული 160 ათასი ლარის გამოყოფა ეკლესიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, იმ ფონზე, როცა ის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება დაახლოებით 25 მილიონი ლარით.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გამოვიდა ინიციატივით, რომ ეს თანხა დაემატოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვის პროგრამას.

„მე დავიანგარიშე და ეს თანხა 160 ათასი, რომ დაემატოს 240 ათას ლარს, რომელიც გათვლილია ამ პროგრამისთვის, საბოლოო ჯამში იქნება 400 ათასი ლარი. ამას თუ დავუმატებთ 20 ათას ლარს, რომელიც გამოყოფილია ვლაქერნობის ტრაპეზისთვის, ეს თანხები იქნება გაცილებით სწორად აკუმულირებული. შეიძლება სოციალურ პროგრამებში მისი დამატებაც“, – განაცხადა ვიქტორ კვიტატიანმა.

მერმა, გიორგი შენგელიამ განმარტა, თუ რა საჭიროებებისთვის გამოიყო ეს თანხა. მისი თქმით, ტაძრის მშენებლობას მოხმარდება თანხები, რათა მოქალაქეებმა კომფორტულად შეძლონ აქ ლოცვა და სიარული. ასევე, ფული მოხმარდება ორ სასულიერო გიმნაზიას. ვლაქერნობისთვის განსაზღვრული 20 ათასი ლარიც ამ თანხაში შედის.

“შესაბამისად, ეკლესიას რჩება 120 ათასი ლარი, რომელიც საკათედრო ტაძრის მშენებლობისთვის იქნება გამოყოფილი. ყველა დამეთანხმებით, რომ რამდენი წელია ეს ტაძარი შენდება. ძალიან ბევრი შემოწირულება გაკეთდა და ძალიან დიდი რესურსი დაიხარჯა ამ მიმართულებით. მაგრამ ზუგდიდს მაინც არ აქვს საკათედრო ტაძარი. დიდი სურვილი გვაქვს, ჩვენი დახმარებითაც, ამ ტაძრის მშენებლობა ბოლომდე მივიდეს. რაც გარდა იმისა, რომ ინფრასტრუქტურულად მოაწესრიგებს იმ ტერიტორიას, ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი და მოსახლეობაც განიცდის იარონ ტაძარში, სადაც აწვიმთ. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის გაწეული ხელშეწყობაც არის. ეს არის მიზანი, რაც გვამოძრავებს ჩვენ ეკლესიისთვის დამატებით ფინანსური რესურსების გამოყოფისას”, – აღნიშნა მერმა.

ცაბუნია ვართაგავამ აღნიშნა, რომ თუ თანხები მშენებლობაში იხარჯება, მაშინ პირდაპირ ასეც უნდა ჩაიწეროს პროექტში. შედეგად კი, მოსალოდნელ შედეგსაც ბევრად იოლად გაზომავენ.

“თქვენი მთავარი მიზანი ხომ არის, რომ რაღაც შედეგი დადგეს. ეს შედეგი უნდა გაიზომოს. რელიგიურ ღირებულებებს, გრძნობებს და რამდენად კმაყოფილია ხალხი, ამას ვერ გავზომავთ”, – აღნიშნა ცაბუნია ვართაგავამ.

გიორგი შენგელიას თქმით, თუ ვინმეს ჩანაწერზე აქვს პრეტენზია, მასში კორექცია შესაძლოა შევიდეს.

ადგილობრივი ხელისუფლებიდან ეკლესიისთვის თანხები ყოველწლიურად გამოიყოფა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისთვის ჯამში 1, 4 მილიონი ლარი დახარჯეს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი თანხა საანგარიშო პერიოდში – 500 ათასი ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა გამოყო. შესაბამისი კვლევა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მოამზადა.