პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა, სირაძე აცხადებს, რომ პროვოკატორები ტერიტორიიდან გაარიდეს

623

პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან პოლიციელებმა რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს. შსს-ში ამბობენ, რომ დღეს, 28 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარედ არავინ დაუკავებიათ.

საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ ტერიტორიიდან გაარიდეს ისინი, ვინც პროვოკაციას ახდენდა.

“არავინ დაგვიკავებია, გავარიდეთ ტერიტორიიდან… პოლიციამ გაარიდა ისინი, ვინც ახდენს პროვოკაციას და ახდენს პარლამენტის ბლოკირებას. რაც შეეხება ჟურნალისტებს და აქტივისტებს, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ და შევიდნენ პარლამენტში ”, – უთხრა სირაძემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე პირის დაკავების შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ გაავრცელა. რამდენიმე პირის პარლამენტის ტერიტორიიდან პოლიციის მიერ გაყვანას მედიის ნაწილიც შეესწრო. ხოშტარიას თქმით, ვაჟა სირაძე იტყუება, რადგან დაკავებულები უკვე პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი და მათთან ადვოკატები მიდიან.

გაერთიანებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა 28 ნოემბრისთვის პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობა  დააანონსეს, თუმცა ადგილზე მისულებს, შესასვლელებთან მისაღწევი გზები და ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩახერგილი დახვდათ, რომელსაც ასობით სამართალდამცველი აკონტროლებს.

როგორც ვაჟა სირაძე ამბობს, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ოპოზიციამ პარლამენტის ბლოკირება ვერ შეძლოს.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან ჯებირები მიიტანეს და ოპოზიციას პიკეტირების საშუალებას არ აძლევენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგ საპროტეტსო აქციები დაიწყო. 18 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია და პიკეტი შსს-მ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის აქციის 37 მონაწილე დააკავა.

ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია მეორედ 26 ნოემბერს, დილის 5:00 საათზე წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ  დაშალა.  შს სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა. აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და სესიისა და ბიუროს სხდომების დღეებში პარლამენტის შენობის პიკეტირებას და ე.წ. სირცხვილის კორიდორების მოწყობას ისევ განაგრძობენ.

აქციიის მოთხოვნაა, 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.