ფოთში, კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

2126

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.

პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.

პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან და მერის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებული ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში იმყოფებოდა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია სჭირდება. ფოთის მუზეუმის რეაბილიტაციას ეროვნული მუზეუმი გეგმავს. სახელმწიფო რწმუნებული მუზეუმის ხელმძღვანელობას შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. ფოთის მუზეუმის შენობა 1907 წელს აშენდა და მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შენობა გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ არის აშენებული.