ხაშურში 5 სოფლის დამაკავშირებელი დაკიდული ხიდი დაზიანდა

889

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალებთან დაკიდული ხიდი დაზიანდა. ამის შესახებ მერიას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.

კერძოდ, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდს სავალ ნაწილზე ლითონის დამჭერები გაუწყდა:

“დაწყდა ხიდის სავალი ნაწილის ლითონის დამჭერები (სტრემიონკები), რამაც გამოიწვია სავალი ნაწილის საგრძნობლად ვარდნა- დეფორმაცია და საყრდენი ბურჯის წამწისქვედა კონსტრუქციის დაზიანება. შესაძლებელია ხიდის დროულად არ შეკეთებამ გამოიწვიოს სავალი ნაწილის დარჩენილი დამჭერების დაწყვეტა, რაც ასევე გამოიწვევს ხიდის მოშლას და სავალი ნაწილის ვარდნას, შესაბამისად 5 სოფელი მოწყდება ადმინისტრაციულ ცენტრს და შეიზღუდება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გაწევა,“ – აღნიშნავს მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი სერგო ლალიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ხიდს რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა, თუმცა სხვა მონაკვეთზე.

აღნიშნული ხიდით სარგებლობს შემდეგი სოფლები: ღვრიაწყალი, ხალები, ღუდა, ნარუჯები და ღანძილები. სერგო ლალიაშვილის ცნობით, სარეაბილიტიო თანხა სარეზერვო ფონდიდან უკვე გამოიყო.