სოხუმის რეჟიმი ახალგაზრდებს ენგურის ხიდზე გადაადგილებას უკრძალავს

621

სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დამაკავშირებელ გამშვებ პუნქტზე, ენგურის ხიდზე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

საოკუპაციო ხაზის კვეთას ჩვეულებრივ ახერხებენ პენსიონრები და ის მგზავრები, რომლებსაც შესაბამისი დოკუმენტები (ე.წ. აფხაზური პასპორტი, ფორმა ნომერი ცხრა ან ბინადრობის მოწმობა) აქვთ. ე.წ. მესაზღვრეები დანარჩენ სქართველოში გადასვლის ნებას არ აძლევენ ახალგაზრდა მამაკაცებს.

როგორც „ლაივპრესს“ გალელმა რესპონდენტმა უთხრა, დაზუსტებით არავინ იცის, როდის გააუქმებს დეფაქტო მთავრობა დაწესებულ შეზღუდვას.

„მე კი გადმოვედი ჩვეულებრივად, მაგრამ, იქ დგანან მამაკაცები. არავინ უშვებს, არც იმას ეუბნებიან რატომ“, – განაცხადა გალელმა რესპონდენტმა.

ენგურის ხიდზე შეზღუდვა 22 ნოემბერს დააწესა დე ფაქტო მთავრობამ. ფაქტს წინ უძღოდა სოხუმში მომხდარი ინციდენტი. ენგურის ხიდის ჩაკეტვამდე რამდენიმე საათით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის დროით 14:30 საათზე სოხუმის ცენტრში 2 ადამიანი მოკლეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების შეზღუდვას მგზავრები.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა, რომლებიც ნიღბებში იყვნენ, ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს რესტორან „სან რემოსთან“ მსხდომებს და შემთვევის ადგილიდან მიიმალნენ. სროლების შედეგად გარდაიცვალა 2 მამაკაცი, 4 კი დაიჭრა. მათგან ერთის, რესტორანის თანამშრომელი ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მედია იუწყება, რომ დანარჩენი 3 დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.