ღონისძიებები, რომელიც ქუთაისში საახალწლოდ გაიმართება

761

ქუთაისის მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა.  ელექტრონული ტენდერი, რომელიც  საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებას ითვალისწინებს 22 ნოემბერს გამოცხადდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ტენდერის თანახმად, გამარჯვებულმა 37 ათასი ლარის სანაცვლოდ ნაძვის ხის ანთების ცერემონიისთვის და სახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების მოწყობის სამუშაოების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, ცნობილი ხდება, თუ რა ღონისძიებები ჩატარდება 31 დეკემბერს.

საბავშვო ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეში 13:00-დან 17:00 სთ-მდე, კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა გაიმართება. ქალაქში იმოძრავებენ ცნობილი ადამიანების და კინოგმირების ფორმაში გადაცმული მსახიობები, ასევე სანტა კლაუსები და თოვლის ბაბუები. გაიმართება დრამერების მსვლელობა.

წინასაახალწლო განწყობას შექმნიან ასევე ჟონგლიორები და ილუზიონისტები.  ტრადიციულად, გამოჩნდებიან პანტომიმის მსახიობები. იგეგმება ცეცხლოვანი შოუს გამართვა. მომზადდება გოზინაყი და პატარებს დაურიგებენ ტკბილეულს.

31 დეკემბერს, ტრადიციულად, ქალაქის ცენტრში გაიმართება გალა კონცერტი. ახალი წლის დადგომა კი ფერადი ფოიერვერკით აღინიშნება.