ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელები მეორედ გადაღებეს

1390

ახალქალაქის სოფლების აბრებზე დატანილი სახელწოდებები მეორედ გადაღებეს. გადაღებილი აბრა სოფელ ზაკვთან და ბოჟანოსთან ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ შენიშნეს. იურისტები აცხადებენ, რომ საკითხით სამართალდამცველები უნდა დაინტერესდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

ახალქალაქში, სოფელ ზაკვის აბრაზე, უცნობმა პირებმა ბოლო ორი ასო დაახლოებით სამი დღის წინ წაშალეს.

„ჯერ არასწორად ეწერა სახელი, ახლა კი ლურჯი საღებავით თვითნებურად გადაღებეს“ ,–ამბობს ადგილობრივი ლაშა ბერიძე.

ამ სოფელში აბრაზე წარწერის გადაშლის ეს პირველი შემთხვევა არ არის, ვიდრე საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სოფელს თავდაპირველ სახელს დაუბრუნებდა აბრაზე ზაქვი ეწერა, ბოლო ორი სიტყვა აქაც წაშლილი იყო.

ადგილობრივების განმარტებით, ასევე გადაღებილია სოფელ ბოჟანოს აბრაც. აბრაზე ბოჟანო წერია, საღებავით კი ბეჟანოდაა გადაკეთებული.

კომპანია „ჯავახავტოგზაში“ ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები ახალქალაქში ხშირია.

„ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა, კიდევ გადაუღებავთო. ადრეც რამდენჯერმე გავწმინდეთ საღებავები. არის შემთხვევები როცა მოსახლეობა თვითნებურად დგამს აბრებს. ამაზე ჩვენი კომპანია შესაბამისად რეაგირებს. ზაკვის აბრაზეც მოვაშორებთ საღებავს“, – ამბობს „ჯავახავტოგზას“ დირექტორი ნოდარ ინასარიძე.

თავდაპირველად აბრებზე არასწორად დატანილი სახელების შესახებ, პუბლიცისტმა კუკური მეტრეველმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამის შემდეგ აბრებზე შეცდომით დატანილი სახელები შეცვალეს.

„მხოლოდ წაშლა საკმარისი არაა, მსგავსი შემთხვევები უფრო საფუძვლიანად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა უწყებებმა“ – ამბობს კუკური მეტრეველი და ამატებს : “ბოჟანოში საერთოდ არ იყო ტრაფარეტი. ჩემი დიდი ხნის დავის და გზების დეპარტამენტის მთითებით მოიჯარე ორგანიზაციამ დაამონტაჟა ახალი ტრაფარეტები სოფელ ღადოსთან სადაც ბეჟანოც და კოჭიოც გაასწორეს როგორც ისტორუად ერქვა და დაწერეს ბოჟანო და კაჭიო. ბოჟანოს წარწერაში “ო” ასო, “ე” ასოდაა გადაკეთებული, მაგრამ “ო” მაინც იკითხება”.

კუკურის მსგავსად საკითხის სიღმისეულად შესწავლას ითხოვს საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილიც.

„უნდა გაძლიერდეს სამართალდამცავების მხრიდან კონტროლი. უნდა გაირკვეს, თუ რატომ ახდენს საზოგადოება ამის დემონსტრირებას, გადაშლას, რა მიზანი აქვს. ამ თემაზე მუნიციპალიტეტმა უნდა ისაუბროს“.

ახალქალაქის მერის, იური უნანიანს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს: „არ ვიცით, პირველად მესმის, დავინტერესდებით აუცილებლად ამ საკითხით“.