აუდიტის დასკვნა: გორში 18.8-მილიონიანი 33 ტენდერი მაჟორიტართან დაკავშირებულმა კომპანიებმა მოიგეს

1489

სახელმწიფო აუდიტის ახალი ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2017-18 წლებში გორის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 33 საგზაო ტენდერიდან 33-ვე შემთხვევაში გორის მაჟორიტარ დეპუტატთან, იოსებ მაკრახიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, „საგზაო სამმართველო #1-მა“, „შარამ“ და „იბოლიამ“ გაიმარჯვეს, უმეტეს შემთხვევაში, უკონკურენტოდ, ამ ტენდერების საერთო სახელშეკრულებო ღირებულება კი 18.8 მილიონი ლარი იყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის 2017-2018 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის სამსახური აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პერიოდში ჩატარებულ ტენდერებში (სულ 33 ტენდერი ჩატარდა) სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამოც, ტენდერები ტარდებოდა ერთი და იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის არსებობის შემთხვევაში ხდებოდა იმ პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია, რომლებიც ყველაზე დაბალ სატენდერო ფასად იყვნენ მზად შეესრულებინათ სამუშაო. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მუნიციპალიტეტის მიერ კონკურენციის შეზღუდვით ისარგებლა, გორის მაჟორიტარის, იოსებ მაკრახიძის მიერ დაფუძნებული კომპანიები “შარა” და “იბოლიაა”.

2017-2018 წლებში, მუნიციპალიტეტმა ტენდერის გზით, 33 ხელშეკრულება გააფორმა ზემოაღნიშნული სამუშაოების შესყიდვისთვის, სახელშეკრულებო ღირებულებით სულ 18,785,200 ლარი. 33 ტენდერიდან 21 შემთხვევაში – შპს „საგზაო სამმართველო №1- მა“ 19, რვა შემთხვევაში – შპს „იბოლიამ“ 20 და ოთხ შემთხვევაში შპს „შარამ“ გაიმარჯვა. ამ შესყიდვებიდან 21 ტენდერი ჩატარდა უკონკურენტო გარემოში.

“შესწავლით გამოვლინდა, რომ სატენდერო მოთხოვნები მოიცავდა: შესასრულებელი სამუშაოების არაგონივრულ გამოცდილებას, თავისუფალი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, მატერიალურ-ტექნიკური ბაზიდან მინიმუმ 50%-ის საკუთრებაში ფლობას და სხვა. აგრეთვე, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო, რომ ტექნიკური მოთხოვნების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაზუსტების გარეშე მოხდებოდა პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია. აღნიშნული მოთხოვნები შესაძლოა, ზღუდავდა კონკურენციას და იწვევდა პრეტენდენტების მიმართ დისკრიმინაციულ და არასამართლიან მიდგომას.

2017 წელს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი 26 მაისის სახელობის სანაპიროს და ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარედ არსებული მისასვლელი გზების და მოედნის რეაბილიტაციაზე, სავარაუდო ღირებულებით 379.0 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პრეტენდენტი: შპს „იბოლია“ სატენდერო წინადადებით 379.0 ათასი ლარი და შპს „პრიორიტეტი“ სატენდერო წინადადებით 375.0 ათასი ლარი.

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი იყო 18 დასახელების მანქანა-მექანიზმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, აქედან 50% უნდა ყოფილიყო საკუთრებაში არსებული. დაზუსტების შემდგომ, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა წარმოადგინა 17 დასახელების მანქანა-მექანიზმების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ერთი საფრეზი მანქანის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა დაგვიანებით, რის გამოც მოხდა მისი დისკვალიფიკაცია. ტენდერში გაიმარჯვა შპს „იბოლიამ“ და გაუფორმდა ხელშეკრულება 379.0 ათას ლარზე,”- ნათქვამია ანგარიშში.